სომხეთი

აზერბაიჯანი რეგიონში ახალი ომის პროვოცირებას ცდილობს – ფაშინიანი 

ნიკოლ ფაშინიანი

26 იანვარს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღიდან სომხების განდევნა სურს. 

გარდა ამისა, ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი პროვოკაციული გზებით ცდილობს, ჩაშალოს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი და რეგიონში ახალი ომის დაწყების პროვოცირება მოახდინოს

"სამშვიდობო დღის წესრიგის შექმნის მცდელობებისას ჩვენ ვინარჩუნებთ თანმიმდევრულობას და ვერავითარმა პროვოკაციამ ვერ უნდა შეძლოს ჩვენი გადახვევა ამ დღის წესრიგიდან". – აღნიშნა ფაშინიანმა.

ამასთანავე, მისივე თქმით, აზერბაიჯანი დიდი ხანია ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება და დაარწმუნოს, რომ ლაჩინის დერეფანი არ არის დაკეტილი, ხოლო მთიანი ყარაბაღისთვის გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება არ არის შეჩერებული.

"ცხადია, რომ სომხეთი და მთიანი ყარაბაღი საპირისპიროს ამტკიცებენ. ვფიქრობ, ამ წინააღმდეგობის დე იურე მოგვარების საუკეთესო გზა მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისიის გაგზავნაა. ჩვენ მუდმივად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით". – განაცხადა ფაშინიანმა.

12 დეკემბრიდან სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ერთადერთი მაკავშირებელი გზა, ლაჩინის დერეფანი ბლოკირებულია, რადგან აზერბაიჯანელი გარემოსდამცველების ჯგუფმა ქალაქ შუშასთან ყარაბაღში წიაღისეულის "უკანონო მოპოვება" და სომხეთში გატანა გააპროტესტა. სომხეთის ხელისუფლებამ ბლოკადა დაუკავშირა აზერბაიჯანის სურვილს, გააფართოოს კონტროლი რეგიონზე. რუსულ სამშვიდობო ძალებისგან კი სომხეთი ბლოკადის გარღვევას მოითხოვს. 

კომენტარები