სომხეთი

სომხეთი რუსეთის ეგიდით დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს წელს არ უმასპინძლებს – ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 10 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სომხეთი უარს ამბობს სამხედრო წვრთნების მასპინძლობაზე, რომელიც მოსკოვის მიერ დომინირებული უსაფრთხოების პაქტის ფარგლებში იყო დაგეგმილი. ფაშინიანის თქმით, სამხედრო წვრთნების ჩატარება შეუსაბამოა არსებულ ვითარებაში. 

"წელს მაინც, ეს წვრთნები არ ჩატარდება". – აღნიშნა სომხეთის პრემიერმინისტრმა. 

ნიკოლ ფაშინიანმა რუსი სამშვიდობო ძალები სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ ტრანზიტული გზის უზრუნველყოფის მოვალეობის შეუსრულებლობაში არაერთხელ გააკრიტიკა.

12 დეკემბრიდან სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ერთადერთი მაკავშირებელი გზა – ლაჩინის დერეფანი –  ბლოკირებულია, რადგან აზერბაიჯანელი გარემოსდამცველების ჯგუფმა ქალაქ შუშასთან ყარაბაღში წიაღისეულის "უკანონო მოპოვება" და სომხეთში გატანა გააპროტესტა. სომხეთის ხელისუფლებამ ბლოკადა დაუკავშირა აზერბაიჯანის სურვილს, გააფართოოს კონტროლი რეგიონზე. რუსულ სამშვიდობო ძალებისგან კი სომხეთი ბლოკადის გარღვევას მოითხოვს. 

"რუსეთის ფედერაციის სამხედროების ყოფნა არამარტო არ უზრუნველყოფს სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას, არამედ საფრთხეს უქმნის მას". – აღნიშნა ფაშინიანმა მის მიერ შერჩეულ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

გასული წლის დეკემბერში ფაშინიანმა ლაჩინის დერეფნის გარშემო აზერბაიჯანის ქმედებებს უკანონო უწოდა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია, ფაქტობრივად, არ ასრულებს სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. 

ფაშინიანმა რუსეთს შეახსენა, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტის მიხედვით, ლაჩინის დერეფანი რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლქვეშ უნდა იყოს, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკამ უნდა უზრუნველყოს ამ გზით მოქალაქეებისა და ტვირთის გადაადგილების უსაფრთხოება.

კომენტარები