რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: საშინელი შეცდომა იქნებოდა, თუ პარტნიორებთან შეთანხმებით არ ვიმოქმედებდით

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბუნდესტაგს 25 იანვარს სიტყვით მიმართავს.

მას შემდეგ, რაც მზარდი ზეწოლის შედეგად, 25 იანვარს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ გერმანია უკრაინაში Leopard 2-ის საბრძოლო ტანკებს გაგზავნის, გადაწყვეტილებას ბუნდესტაგში დებატები მოჰყვა. 

შოლცს ბუნდესტაგში ჰკითხეს, თუ რატომ აღარ ფიქრობს, რომ უკრაინისთვის ტანკების გაგზავნა პროვოკაციაა. აქამდე ბერლინი უკრაინისთვის გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკების გადაცემისგან ამ მოტივით იკავებდა თავს. შოლცმა თქვა, რომ გერმანიისთვის "საშინელი შეცდომა" იქნებოდა, თუ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან შეთანხმებით არ იმოქმედებდა.

"სწორი იქნება, რომ ვითანამშრომლოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან უკრაინის მხარდასაჭერად - ფინანსური, ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, თუმცა ასევე იარაღის მისაწოდებლად. ახლა ჩვენ, ბრიტანეთთან ერთად, შეიძლება ითქვას, უკრაინას ყველაზე მეტი იარაღი მივაწოდეთ. გერმანია ყოველთვის იქნება წინა პლანზე, როცა საქმე უკრაინის მხარდაჭერას შეეხება". - თქვა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში კითხვა-პასუხისას.

პარლამენტის სხდომაზე შოლცმა ასევე თქვა, რომ სამხედრო დახმარების გაცემაში სიფრთხილე გამართლებული იყო. მისი თქმით, მისაწოდებელ საბრძოლო ტექნიკაზე დეტალების განსაზღვრა და პარტნიორებთან მოლაპარაკებები გადაწყვეტილების სწორად მიღებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

"ყოველი გადადგმული ნაბიჯისას ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია და შესაძლებელია უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ამავე დროს თავიდან ავიცილებთ ომის ესკალაციას რუსეთსა და ნატოს შორის". - თქვა შოლცმა.

იმისდა მიუხედავად, რომ გერმანიამ ტანკების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო, ბუნდესტაგის სხდომაზე შოლცი ომისშემდგომი გერმანიის პოლიტიკის პრინციპებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაადანაშაულეს, და თქვეს, რომ გადაწყვეტილება "იმპერიალისტური" იყო.

კომენტარები