რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ტანკების მიწოდება მორიგი აშკარა პროვოკაცია იქნება – ანტონოვი

25 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა თქვა, რომ ვაშინგტონის მიერ უკრაინაში საბრძოლო ტანკების შესაძლო მიწოდება რუსეთის წინააღმდეგ "მორიგი აშკარა პროვოკაცია" იქნება.

"აშკარაა, რომ ვაშინგტონი მიზანმიმართულად ცდილობს სტრატეგიული მარცხი განგვაცდევინოს". - წერს ანტონოვი Telegram-ზე.

მისი თქმით, თუ შეერთებული შტატები უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას გადაწყვეტს, მაშინ ამ ნაბიჯის გამართლება „თავდაცვითი იარაღის“ არგუმენტით არ იმუშავებს და ეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ კიდევ ერთი აშკარა პროვოკაცია იქნება.

მანამდე, ამერიკული მედია Associated Press-მა დაწერა, რომ არაუგვიანეს 25 იანვრისა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გადაცემის შესახებ გამოაცხადებს. 

როგორც გამოცემა წერს, საუბარია 30-ზე ოდნავ მეტ ტანკზე. მათივე თქმით, შესაძლოა, ამ ჯავშანტექნიკის მიწოდებას დიდი დრო დასჭირდეს.

აქამდე გერმანულმა მედია der Spiegel-მა გაავრცელა ცნობა, რომ ბერლინმა უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემა საბოლოოდ გადაწყვიტა და საჯარო განცხადებას მალე გააკეთებდნენ.

კომენტარები