ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენის სახლში საიდუმლო დოკუმენტების ახალი პარტია აღმოაჩინეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადვოკატის, ბობ ბაუერის თქმით, 20 იანვარს ბაიდენის დელავერის სალში იუსტიციის დეპარტამენტმა საიდუმლო დოკუმენტების ახალი პარტია აღმოაჩინა.

ადვოკატის თქმით, დოკუმენტების ნაწილი ჯერ კიდევ იმ პერიოდით თარიღდება, როცა ბაიდენი სენატში დელავერის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა (1973-2009 წლებში). ნაწილი მისი ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტად მსახურობის დროიდანაა შემორჩენილი (2009-2017 წლები). ბაუერის თქმით, დოკუმენტების გარდა, იუსტიციის სამინისტრომ დოკუმენტებზე გაკეთებული ბაიდენის პირადი მინაწერები/აღნიშვნები ამოიღო. 

CBS-ის ცნობით, ჯამში ნაპოვნია ოცამდე საიდუმლო დოკუმენტი. მათი ნაწილი "პენ ბაიდენის ცენტრის ოფისში" აღმოაჩინეს, ხოლო ნაწილი ბაიდენის დელავერის სახლში. 

ბაიდენმა განმარტა, რომ ის საიდუმლო დოკუმენტების საკითხს სერიოზულობით ეკიდება და ამ კონკრეტული საბუთების შინაარსთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. მისივე თქმით, იგი თავის გუნდთან ერთად გამოძიებასთან თანამშრომლობს და იმედოვნებს, რომ მალე პასუხებიც გამჟღავნდება.

20 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა კალიფორნიაში ვიზიტისას საიდუმლო დოკუმენტებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სანანებელი არაფერი აქვს და სჯერა, რომ ეს საკითხი მალე მოგვარდება. 

საქმე ეხება დოკუმენტებს, რომლებიც ნოემბრის დასაწყისში, აშშ-ს შუალედურ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, “პენ ბაიდენის ცენტრის ოფისში” აღმოაჩინეს. აღნიშნულ ოფისს ბაიდენი 2017 წლის შუალედური არჩევნების დროს იყენებდა, როცა იგი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

დოკუმენტების შენახვისთვის პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკეს რესპუბლიკელებმა, რადგან მანამდე ანალოგიური ბრალდებით იგი ტრამპს სთხოვდა პასუხს. თეთრი სახლის დატოვების შემდგომ ტრამპი ასობით საიდუმლო დოკუმენტს ფლორიდის რეზიდენციაში ინახავდა.

კომენტარები