ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენის სახლში კიდევ ხუთი საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს

Craig Hudson/Bloomberg/Getty Images

სპეციალური პროკურორის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დელავერის სახლში საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ხუთი გვერდი აღმოაჩინეს. ისინი დაუყოვნებლივ იუსტიციის დეპარტამენტს გადაეცა. 

პრეზიდენტის ადვოკატთა გუნდმა აღიარა, რომ ბაიდენის ვიცეპრეზიდენტობის პერიოდიდან შემორჩენილი საიდუმლო დოკუმენტები მის დელავერის სახლშიც აღმოაჩინეს. მათ შორის, ზოგიერთი მათგანი ავტოფარეხში ინახებოდა. 

სპეციალური პროკურორის, რიჩარდ საუბერის თქმით, იგი ბაიდენის დელავერის სახლში მივიდა, რათა იუსტიციის დეპარტამენტისთვის იქ აღმოჩენილი დოკუმენტი გადაეცა. 

"ადგილზე ყოფნისას, სადაც იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები მახლდნენ თან, დამატებით კიდევ ხუთი გვერდი აღმოვაჩინეთ. ისინი დაუყოვნებლივ იუსტიციის დეპარტამენტმა გადაიბარა". - თქვა საუბერმა. 

CBS-ის ცნობით, ჯამში ნაპოვნია ოცამდე საიდუმლო დოკუმენტი. მათი ნაწილი "პენ ბაიდენის ცენტრის ოფისში" აღმოაჩინეს, ხოლო ნაწილი ბაიდენის დელავერის სახლში. 


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, იგი თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია.

ბაიდენმა განმარტა, რომ ის საიდუმლო დოკუმენტების საკითხს სერიოზულობით ეკიდება და ამ კონკრეტული საბუთების შინაარსთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. მისივე თქმით, იგი თავის გუნდთან ერთად გამოძიებასთან თანამშრომლობს და იმედოვნებს, რომ მალე პასუხებიც გამჟღავნდება.

საქმე ეხება დოკუმენტებს, რომლებიც ნოემბრის დასაწყისში, აშშ-ს შუალედურ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, “პენ ბაიდენის ცენტრის ოფისში” აღმოაჩინეს. აღნიშნულ ოფისს ბაიდენი 2017 წლის შუალედური არჩევნების დროს იყენებდა, როცა იგი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

დოკუმენტების შენახვისთვის პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკეს რესპუბლიკელებმა, რადგან მანამდე ანალოგიური ბრალდებით იგი ტრამპს სთხოვდა პასუხს. თეთრი სახლის დატოვების შემდგომ ტრამპი ასობით საიდუმლო დოკუმენტს ფლორიდის რეზიდენციაში ინახავდა.

კომენტარები