ატომური ენერგია

შვედეთი ატომური ენერგიის წარმოების ზრდის მიზნით კანონმდებლობას ცვლის

REUTERS/Gonzalo

შვედეთის პრემიერმინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, მზადდება ახალი კანონპროექტი, რომელიც შვედეთში დამატებითი ატომური სადგურების აშენებას გახდის შესაძლებელს. მისივე თქმით, შვედეთი ელექტროენერგიის წარმოების გაზრდასა და მისი გამომუშავების სანდო, სტაბილური წყაროს უზრუნველყოფას ცდილობს. 

"აშკარაა, რომ ჩვენ ელექტროენერგიის წარმოების ზრდა გვესაჭიროება. ამიტომ ვცვლით კანონმდებლობას, რათა მეტ ადგილას, მეტი ატომური სადგურის აშენება შევძლოთ". - თქვა კრისტერსონმა პრესკონფერენციაზე.

მემარჯვენე პარტიის წარმომადგენელმა, ულფ კრისტერსონმა ატომური ენერგიის წარმოების ზრდა თავისი მმართველობის მთავარ მიზნად დაისახა. ამით იგი არსებულ ტენდენციას ეწინააღმდეგება, რომელიც ატომური სადგურების თანდათანობით დახურვასა და განახლებად ენერგიაზე გადასვლას გულისხმობს.   

Reuters-ის ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობით ატომური სადგურების ლოკაციებსა და რაოდენობაზე აკრძალვები მოიხსნება. დღეს შვედეთში ათ ატომურ სადგურზე მეტი დაშვებული არაა და უკვე არსებული ტერიტორიების გარდა, იკრძალება ახალი ადგილების ატომური სადგურების მშენებლობისთვის გამოყენება.

კომენტარები