მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ამერიკელი ექიმი: ის დაავადებები, რაც სააკაშვილს აქვს, არასწორი მკურნალობის შედეგია

მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან სრულად გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ამერიკელ გასტროენტეროლოგს, სტიუარტ ფინკელს კითხავენ. ექიმის თქმით, ის დაავადებები, რაც სააკაშვილს აქვს, მის შიმშილობას არ გამოუწვევია და ეს არასწორი მკურნალობის შედეგია.

"ჩემი აზრით, ეს დაავადებები, განსაკუთრებით კი კახექსია და მალაბსორბცია იმ შიმშილობასთან დაკავშირებული არ არის, რომელიც მან დაპატიმრების დღიდან განახორციელა. ჩემი თვალსაზრისით, ეს მდგომარეობები მას შემდეგ განვითარდა, რაც ის დააპატიმრეს, სიმპტომები კი 2021 წლის ნოემბრის ბოლოს გამოუვლინდა. სააკაშვილმა არასწორი მკურნალობა მიიღო. ჩემს ანგარიშში დავწერე, რომ მე ინფორმირებული არ ვიყავი იმ ზოგიერთი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც მას აძლევდნენ. მაგალითად, მას ბევრ ისეთ წამალს ასმევდნენ, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდული წამლების სახელითაა ცნობილი. ეს ის მედიკამენტებია, რომლებიც ძირითადად ტკივილის გაყუჩების ფუნქციას ასრულებენ, მათ საწინააღმდეგო ჩვენება გააჩნიათ და ის არ უნდა მიეცეს ისეთ პაციენტს, რომელსაც ისტორიაში წყლული ჰქონდა, ან ამჟამადაც აქვს". - თქვა სტიუარტ ფინკელმა.

ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მას რამდენიმე მედიკამენტი ჩამოუთვალეს, რომელსაც ექსპრეზიდენტს აძლევდნენ. მათი თქმით, მათ შორის იყო იბუპროფენი, კეტოროლაკი, კოქსიქეა და კეცი. სააკაშვილის უფლებადამცველებმა ექიმს ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა მისთვის ჩამოთვლილი მედიკამენტების დანიშვნა.

"ეს წამლები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, სააკაშვილისთვის არ უნდა მიეცათ, იმიტომ, რომ მათ წინააღმდეგ ჩვენებები არსებობს. ამ მედიკამენტებს შეუძლიათ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმონ და გააუარესონ". - ამბობს ამერიკელი ექიმი.

ექიმმა იმ დიაგნოზების შესახებაც ისაუბრა, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილს კუჭ-ნაწლავის სისტემების დაავადებებთან დაკავშირებით დაუსვა.

"მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებს შორის არის კახექსია, მალაბსორბცია, ჰიატუსის თიაქარი, ქრონიკული, ეროზიული გასტრიტი. ასევე, ზედაპირული დუოდენიტი, დუოდენალურ-გასტრალური რეფლუქსი, დისტალური ეზოფაგიტი, კუჭის ანტრალური პოლიპი და საჭმლის მომნებელი სისტემის სხვა ორგანოების დაავადებები. ეს არის ის დიაგნოზები, რაც მე კუჭ-ნაწლავის სისტემების დაავადებებთან დაკავშირებით დავსვი". - თქვა ფინკელმა.

წინა სასამართლო სხდომაზე, 9 იანვარს აგრეთვე დაიკითხა ამერიკელი ნევროპათოლოგი, შაჰინ ლაჰანი, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დაავადებები მისთვის სასჯელის მოხდისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. აგრეთვე, მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტს ბევრი შეუსაბამო მედიკამენტი დაუნიშნეს.

დეკემბრის ბოლოს, სასამართლოში ასევე დაიკითხა ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, რომელმაც თქვა, ის თვლის, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მძიმე მეტალებით კლინიკა ვივამედში გადაყვანამდე, ციხეში მოწამლეს.

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  

კომენტარები