ისრაელი

ულტრამემარჯვენე ბენ გვირი პოლიციას მოუწოდებს საჯარო სივრციდან პალესტინის დროშები ჩამოხსნან

REUTERS/Mohamad Torokman/File Photo

ისრაელის ეროვნული უშიშროების ახლად არჩეულმა ულტრამემარჯვენე მინისტრმა, ბენ გვირმა პოლიციას დაავალა, რომ საჯარო სივრცეებიდან პალესტინის დროშები აეღოთ.

ისრაელის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პალესტინის დროშის აკრძალვას, თუმცა პოლიციელებს და ჯარისკაცებს უფლება აქვთ ჩამოხსნან ისინი იმ შემთხვევებში, როდესაც მიიჩნევა, რომ საზოგადოებრივი წესრიგი საფრთხის ქვეშაა.

ეს გადაწყვეტილება მოჰყვა გასულ კვირას დიდხნიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრის მიერ პალესტინის დროში ფრიალს. იგი 1983 წელს ისრაელის ჯარისკაცის გატაცებისა და მკვლელობისთვის გაასამართლეს.

ბენ გვირმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პალესტინის დროშის ფრიალი ტერორიზმის მხარდამჭერი აქტია.

"არ შეიძლება კანონდამრღვევებმა ტერორისტების დროშები აფრიალონ, წააქეზონ და წაახალისონ ტერორიზმი, ამიტომ გავეცი ბრძანება ტერორიზმის მხარდამჭერი დროშების საჯარო სივრციდან ამოღებისა და ისრაელის წინააღმდეგ წაქეზების შეჩერების შესახებ". - აღნიშნავს ბენ გვირი. 

ბენ გვირი მინისტრი 25 ნოემბერს გახდა, როდესაც ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია - ლიკუდმა და ულტრამემარჯვენეთა პარტია - ოცმა იეჰუდითმა ხელი მოაწერეს ისრაელის ახალი მთავრობის შექმნის კოალიციის შეთანხმების დანართს.

ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობა საჯარო უსაფრთხოების მინისტრის როლის გაფართოებულ მოვალეობას ითვალისწინებს. 

მედიის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აშფოთებთ, თუ როგორ განაწილდებიან ისრაელის ახალი მინისტრები. ისრაელის მედია, Jerusalem Post-ი გასულ კვირებში, წყაროებზე დაყრდნობით, წერდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ნეთანიაჰუს მოუწოდა, დაენიშნა ისეთი მინისტრები, რომლებთანაც მუშაობას შეძლებდნენ.

კომენტარები