ისრაელი

ულტრამემარჯვენე ბენ გვირი ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრად დაინიშნება

ითამარ ბენ გვირი
Yonatan Sindel/Flash90

ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია, ლიკუდმა და ულტრამემარჯვენეთა პარტია, ოცმა იეჰუდითმა ხელი მოაწერეს ისრაელის ახალი მთავრობის შექმნის კოალიციის შეთანხმების დანართს. შეთანხმებით, ოცმა იეჰუდითის ლიდერს, ითამარ ბენ გვირს ახალშექმნილი თანამდებობა, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის როლი ერგება

ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობა საჯარო უსაფრთხოების მინისტრის როლის გაფართოებული მოვალეობა იქნება.

მნიშვნელოვანია, რომ ოცმა იეჰუდითს, ჯერჯერობით, ნეთანიაჰუსთან კოალიციის საბოლოო შეთანხმება არ გაუფორმებია და ხელი მხოლოდ დანართს მოეწერა. 

ულტრამემარჯვენეთა პარტია ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობის გარდა, სხვა როლებსაც მიიღებს. მათი წარმომადგენლები დაიკავებენ ნეგევისა და გალილეის განვითარების უწყების ხელმძღვანელის, მემკვიდრეობის მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობებს, ასევე ქნესეთის საჯარო უსაფრთხოების კომიტეტისა და ისრაელის მოქალაქეთა ფონდის სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობებს. ნეგევისა და გალილეის სამინისტრო პერიფერიის სამინისტროს გამოეყოფა. ამ უწყების მოვალეობაში შევა დასავლეთ სანაპიროზე ახალი დასახლებების რეგულაცია.

ამას გარდა, შეთანხმება მოიცავს სასაზღვრო პოლიციის მობილიზაციის გაზრდას. ბენ გვირის სამინისტროს კონტროლქვეშ იქნება დასავლეთ სანაპიროს სასაზღვრო პოლიციის დანაყოფი, რომელიც ახლა თავდაცვის სამინისტროსა და, ნაწილობრივ, საჯარო უსაფრთხოების სამინისტროს ექვემდებარება.

ბენ გვირის თქმით, შეთანხმება კოალიციის სრული ხელშეკრულებისკენ და სრულიად მემარჯვენე მთავრობის შექმნისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

ითამარ ბენ გვირი ცნობილია საკუთარი ულტრამემარჯვენე პოლიტიკით. მისი ქმედებები რამდენჯერმე ისრაელში მცხოვრებ არაბებთან სიტუაციის გამწვავების გამომწვევიც გამხდარა.

ამას გარდა, ლიკუდი შეთანხმებას ულტრაორთოდოქსულ პარტია შასთანაც აღწევს. წინასწარი დათქმით, პარტიის თავმჯდომარე, არიეჰ დერი შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობებს მიიღებს, თუმცა შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა.

ამ ეტაპზე, ლიკუდის მოლაპარაკებები გაჭიანურდა ულტრაორთოდოქსულ პარტია რელიგიურ სიონიზმთან, რომლის ლიდერიც ბეცალელ სმოტრიჩია. სმოტრიჩს ფინანსთა ან თავდაცვის მინისტრის მოვალეობის დაკავება სურს.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აშფოთებთ, თუ როგორ განაწილდებიან ისრაელის ახალი მინისტრები. ისრაელის მედია, Jerusalem Post-ი გასულ კვირებში, წყაროებზე დაყრდნობით, წერდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ნეთანიაჰუს მოუწოდა, დაენიშნა ისეთი მინისტრები, რომლებთანაც მუშაობას შეძლებდნენ.

ნეთანიაჰუს ბლოკმა 1-ელი ნოემბრის არჩევნებში 64 მანდატი მოიპოვა. ისრაელში 2019 წლიდან მეხუთე არჩევნები ჩატარდა. პოლიტიკოსები აქამდე მთავრობის წარმატებით ფორმირებას ვერ ახერხებდნენ. ბოლო კოალიციამ უმრავლესობა მას შემდეგ დაკარგა, რაც რამდენიმე დეპუტატმა მათი რიგები დატოვა.

13 ნოემბერს ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირების მანდატი გადასცა. ამ დღიდან მოყოლებული, ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირებისთვის 28 დღე აქვს და, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია დამატებითი 14 დღეც გამოიყენოს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი ხნის მანძილზე იყო პრემიერის პოსტზე. ის ამ თანამდებობას 2009 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა და, აქამდე, ეს პოზიცია 1996-1999 წლებში ეკავა. ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრის წინააღმდეგ კორუფციასთან და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეებს იძიებენ.

კომენტარები