აშშ-საქართველო

ჰამილტონი: ის რომ კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვას განიხილავენ, უკვე ტრაგიკულია

რობერტ ჰამილტონი

ამერიკის შეერთებული შტატების თადარიგის პოლკოვნიკის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარის, ომის კოლეჯის პროფესორის, რობერტ ჰამილტონის თქმით, ის, რომ აშშ-ს კონგრესში საქართველოს დახმარების საკითხს განიხილავენ, უკვე ქვეყნისთვის ტრაგიკულია. ამის შესახებ პოლკოვნიკმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა. 

"ვფიქრობ, რომ თავად ის ფაქტიც, რომ კონგრესში განიხილავენ საქართველოსადმი ამერიკის დახმარების გადახედვის, ან საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის სანქცირების საკითხს, - თავად ის ფაქტიც კი, რომ ეს დისკუსიები ხდება, არის მოვლენათა ტრაგიკული განვითარება საქართველოსთვის". - თქვა ჰამილტონმა.

ჰამილტონის შეფასებით, უკრაინის ომი ერთგვარი შესაძლებლობა იყო საქართველოსთვის კიდევ უფრო დაახლოებულიყო NATO-ს, თუმცა ეს "ხელიდან გაშვებული შანსი" აღმოჩნდა. 

"ომი უკრაინაში თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა. რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა NATO-ს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყანაში, ყველანაირად გაუმართლებელია, მაგრამ ეს ასევე არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მიაღწიოს NATO-სთან უფრო ახლო პარტნიორობას და გაამყაროს ალიანსთან მისი ურთიერთობა. იმისთვის, რომ ის დაინახონ უკრაინის გვერდით. 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული საქართველოს და უკრაინას ყოველთვის ერთად ახსენებდნენ ხოლმე, საქართველოსთვის სამწუხაროდ, ვფიქრობ ამ ომმა აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება არა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების კუთხით, არამედ მათი მზაობის კუთხითაც, იყვნენ NATO-ს პარტნიორები და გააკეთონ ის, რასაც NATO-ს წევრები აკეთებენ. ვფიქრობ, რომ ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და ის, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვის, ან ზოგიერთი ქართველის სანქცირების შესახებ მსჯელობენ, ნამდვილად ტრაგიკულია. და როცა ეს მოხდება, ეს ძალიან სევდიანი დღე იქნება საქართველოსთვის". - აღნიშნა ჰამილტონმა ინტერვიუში. 

17 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. სენატორებმა აღნიშნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა, შესაძლოა, შეიცვალოს. 

ჰამილტონმა ასევე ისაუბრა ქართული ოცნების ნარატივის შესახებ, რომ თითქოს დასავლეთი ომში ითრევს საქართველოს და ხაზგასმით აღნიშნა, "სიმართლისგან ასე შორს არაფერია".

"სამწუხაროდ ესაა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამოსადეგი რამ, რაც საქართველოს მთავრობას გაუკეთებია უკრაინაში ომზე პასუხად - ეს ნარატივი, რომ დასავლეთს და NATO-ს სურთ საქართველოს ომში ჩათრევა. რა თქმა უნდა, სიმართლისგან ამაზე შორს არაფერია. ეს უბრალოდ სიყალბეა. ვვარაუდობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამას ამბობენ, იციან, რომ ეს სიცრუეა, მაგრამ ამას მაინც აკეთებენ იმ პოზიციის გასამართლებლად, რაც საქართველოს უკრაინაში ომის მიმართ აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მართლა სამწუხაროა. ეს არ ასახავს საქართველოს. ეს არაფრით ეხმარება NATO-ს და კოლექტიურად, დასავლეთს რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში". - თქვა მან. 

კომენტარები