კოსოვო-სერბეთი

კოსოვოსთან დაძაბულობის ფონზე, სერბეთმა არმიის უმაღლესი საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა

სერბი სამხედროები

კოსოვოსთან დაძაბულობის ფონზე, სერბეთის თავდაცვის მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა თქვა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნის "უმაღლეს დონეზე" არიან.

სერბეთის არმია უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში ბოლო წლებში აქამდეც ყოფილა. ბოლოჯერ ეს ნოემბერში მოხდა, როცა სერბეთის მთავრობა ირწმუნებოდა, რომ კოსოვოდან მათ საჰაერო სივრცეში რამდენიმე დრონი შევიდა.

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი ამბობს, რომ ის მიიღებს ყველა ზომას, რათა დაიცვას სერბეთი და მისი ხალხი.

სერბეთის ნაბიჯი მოჰყვა მათსავე მედიაში გავრცელებულ ცნობას, თითქოს პრიშტინა კოსოვოში ეთნიკურ სერბებზე "თავდასხმას" ამზადებს.

კოსოვოს ჩრდილოეთში, სადაც ეთნიკური სერბები ცხოვრობენ, დაძაბულობა 10 დეკემბრის შემდეგ განსაკუთრებით გამწვავდა, მას შემდეგ, რაც პრიშტინას მთავრობამ დააკავა ეთნიკურად სერბი ყოფილი პოლიციელი, რომელსაც ბრალად კოსოვოელ ალბანელ სამართალდამცველებზე თავდასხმა ედება. კოსოვოელ სერბებს ბარიკადები აქვთ აღმართული. მხარეებს შორის იყო სროლებიც. 25 დეკემბერს კოსოვოში NATO-ს სპეციალური მისიის, KFOR-ის მახლობლად ცეცხლი გახსნეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა KFOR ინციდენტს იძიებს.

კოსოვოში ეთნიკური დაპირისპირება მწვავდება, ადგილობრივი სერბები კვლავ გზებს კეტავენ

დეკემბრის დაძაბულობის მოვლენებს წინ უსწრებდა მანქანის სანომრე ნიშნებთან დაკავშირებული უთანხმოება, რომლის მოგვარებასაც ევროკავშირი საკუთარი შუამავლობით ცდილობდა.

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა. კოსოვოელ სერბთა ნაწილი პრიშტინას ძალაუფლებას არ აღიარებს.

კომენტარები