კოსოვო-სერბეთი

კოსოვოში ეთნიკური დაპირისპირება მწვავდება, ადგილობრივი სერბები კვლავ გზებს კეტავენ

კოსოვოს სპეციალური ძალების წარმომადგენლები საზღვართან 2021 წლის დემონსტრაციების დროს
Reuters

კოსოვოს ჩრდილოეთში დაძაბულობა კვლავ მზარდია. კოსოვოელ სერბებს გზები მანქანებით უკვე მეორე დღე აქვთ გადაკეტილი, ღამით კი პოლიციასთან ცეცხლიც გაცვალეს.

კოსოვოელ სერბთა უმცირესობა ყოფილი სერბი პოლიციელის დაკავებას აპროტესტებს. დაკავებულს ბრალად ედება კოსოვოს პოლიციაზე თავდასხმა. დემონსტრანტებს სურთ, რომ დაკავებული კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში არ გადაიყვანონ.

კოსოვოს ჩრდილოეთში განლაგებული ევროკავშირის სპეციალური მისიის, EULEX-ის შეჯავშნულ მანქანას ხმოვანი ხელყუმბარა ესროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფაქტთან დაკავშირებით საკუთარ Twitter-ზე კომენტარი უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. 

"ევროკავშირი არ შეეგუება ჩრდილოეთში EULEX-ზე თავდასხმებს ან ძალადობრივ, დანაშაულებრივ ქმედებებს. კოსოვოელი სერბების ჯგუფებმა ბარიკადები დაუყოვნებლივ უნდა აიღონ. უნდა აღდგეს სიმშვიდე". – დაწერა ბორელმა. 

ბარიკადები კოსოვოელმა სერბებმა შაბათს, 10 დეკემბერს აღმართეს და სერბეთისკენ მიმავალი ორი მთავარი გამშვები პუნქტის მიმართულება გადაკეტეს. 

აქამდე, დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც პრიშტინამ 18 დეკემბრისთვის კოსოვოს ოთხ სერბულ კომუნაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოწოდება გააკეთა. 

კოსოვოს პრემიერმინისტრი, ალბინ ქურთი NATO-ს მისიას კოსოვოში, KFOR-ს სთხოვს, რომ სერბების ბარიკადების აღებაში დაეხმარონ. პარალელურად, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი NATO-ს კოსოვოს ჩრდილოეთში სერბი სამხედროებისა და პოლიციის განლაგებას სთხოვს.

დეკემბრის დაძაბულობის მოვლენებს წინ უსწრებდა მანქანის სანომრე ნიშნებთან დაკავშირებული უთანხმოება.

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა.

კომენტარები