პატრიარქის აღსაყდრება

პრემიერი: ფასეულობები, რომელთაც მისი უწმინდესობა ცხოვრებით ამკვიდრებს, უნივერსალურია

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლისთავი მიულოცა. მისი თქმით, პატრიარქი მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში განსაცდელში გვამხნევებს და გვაერთიანებს.

"მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გულითადად ვულოცავ აღსაყდრებიდან 45 წლისთავს.

მისი უდიდესი პირადი წვლილის დამსახურებით, ახალი საქართველოს მშენებლობის პროცესი ქრისტიანულ ფასეულობებთან ჩვენი დაბრუნებით დაიწყო. მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენი პატრიარქი განსაცდელში გვამხნევებს, გვაერთიანებს, მოყვასის სიყვარულისა და თანადგომის, ქვეყნის მსახურების ცოცხალ მაგალითს გვაძლევს, მომავლის რწმენას გვინერგავს.

ფასეულობები, რომელთაც მისი უწმინდესობა საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამკვიდრებს, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიოა, ყველა ჩვენგანის საკუთრებაა - ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის; ამიტომაც, ამ შესანიშნავ დღეს ასევე ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას.

დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მის უწმინდესობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ". - წერს ღარიბაშვილი.

კომენტარები