მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

მარგველაშვილი: როდესაც რაღაც მხარეს მოქმედება დამიწყია, ბოლოს ყოველთვის ჩემი მხარე იგებდა

საქართველოს ექსპრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის თემა შესაძლოა, დიდი სამოქალაქო მოძრაობის საფუძველი გახდეს. მარგველაშვილის განცხადებით, როდესაც მას რაღაც მხარეს მოქმედება დაუწყია, ბოლოს ყოველთვის ის მხარე იმარჯვებდა. 130-ზე მეტმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა და მოსამართლემ ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც ისინი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. ხელმომწერთა შორისაა გიორგი მარგველაშვილიც.

"ადამიანის წამების თემა, შესაძლოა, დიდი სამოქალაქო მოძრაობის საფუძველი გახდეს. სააკაშვილის მმართველობის დროსაც რომ ადამიანებს ჩაგრავდნენ, მაშინაც ვერთიანდებოდით. რა თქმა უნდა, მაშინაც იყო, რომ ამათ ძალა სად აქვთ, მარგინალები არიან და ა.შ. დიახ, ასე იყო დასაწყისში და შემდეგ ნელ-ნელა, აგურ-აგურ მივედით იქამდე, რომ ნაციონალური მოძრაობის შეცვლა მოხდა. ახლაც, არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო  წამების, კრიმინალისა და მაფიოზური გარჩევების ქვეყანად გადააქციოთ. არ მოგცემთ რას ნიშნავს - ხვალ კი არ მოვიგებ. როდესაც რაღაც მხარეს მოქმედება დამიწყია, ბოლოს ყოველთვის ჩემი მხარე იგებდა. სააკაშვილის დროსაც თქვენ ხომ მის გვერდით იყავით და გეგონათ, რომ ბოლომდე კარგად იქნებოდით. მე არ ვიყავი მის გვერდით. ბოლოს ხომ აქეთ მხარეს გადმოხვედით და ერთად მოვიგეთ. აი ასე, ნელ-ნელა ხალხს სწორ მხარეს გადმოვქაჩავთ და მოვიგებთ. ეს წერილი და ის პრეცედენტი, რომ მას ხელი უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა მოაწერა, უკვე იმას ნათელყოფს, რომ ჩვენ მწამებელი და სადისტი ერი არ ვართ". - ამბობს მარგველაშვილი ფორმულას ეთერში. 

მარგველაშვილის თქმით, მას იმის ილუზია არ აქვს, რომ ამ წერილით ქართული ოცნება რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა, მისი განცხადებით, მთავარი მიზანია, ის რომ ეს პროცესი გაღრმავდეს და საქართველოში სააკაშვილზე ძალადობა შეწყდეს.

"რაიმე ილუზია, რომ ამ განცხადებას ქართულ ოცნებაში წაიკითხავენ, ან ბიძინა წაიკითხავს, ან ვინმე მოუყვება და რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, არ მაქვს. მაგრამ, მე ამ პროცესის გაღრმავება მინდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ იმისთვის, რომ საკმარისი წნეხი შევქმნა, რომ საქართველოში ეს ძალადობა შეწყდეს. პლუს გავერთიანდეთ ის ხალხი, ვისთვისაც მიუღებელია ადამიანზე ძალადობა და შემდეგ მანიაკივით ამის ტელევიზორში ყურება, ამით სიამოვნების მიღება და ამაზე ხორხოცი. ეს პოლიტიკური კონტექსტი არ არის. სულ რომ არაფერი ვთქვათ, ეს ისტორიის წინაშე იმის ჩვენების ცოტა მცდელობა მაინც არის, რომ საქართველოში რომ პრეზიდენტებს აწამებდნენ და კლავდნენ, იყო საზოგადოება, რომელიც ამით არ ერთობოდა - ეს საზოგადოება მთელ ამ პროცესს ხედავდა, წუხდა და ამ თვალსაზრისით მოქმედებდა". - თქვა მარგველაშვილმა ფორმულას ეთერში.

წერილის ხელმომწერების თქმით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმისა და ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებები უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოში სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხდება და პროცესი მისი წამებით სიკვდილით დასრულდება. ამიტომ, ისინი სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.

კომენტარები