მიხეილ სააკაშვილი

"უნდა აიღონ ფრჩხილისა და თმის ნიმუში" – სააკაშვილი სისხლის ნიმუშის აღებაზე თანახმა არ არის

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ილია ლომია ამბობს, რომ სააკაშვილი საექსპერტო კვლევისთვის სისხლის ნიმუშის აღებაზე თანახმა არ არის. როგორც ლომიამ ვივამედის დატოვების შემდეგ თქვა, სააკაშვილი ამბობს, რომ ამ კვლევას მსგავსი მეთოდით არ ატარებენ და დათანხმდება მხოლოდ ფრჩხილისა და თმის ღერის ნიმუშის საზღვარგარეთ აღებას.

"მისი [მიხეილ სააკაშვილის] პოზიცია არის უარყოფითი, ამ კვლევებს ასეთი მეთოდით არ ატარებენო, უნდა იქნეს აღებული ფრჩხილის და თმის ნიმუშები. თუ ჩაატარებენ ამ კვლევებს საერთაშორისო გაიდლაინებით და სტანდარტებით, ამ შემთხვევაში დათანხმდება და არა საქართველოში". - ამბობს ილია ლომია.   

ადვოკატები და ოჯახის წევრები სააკაშვილის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ცნობით, ექსპრეზიდენტი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში.  

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  

კომენტარები