რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდის გუბერნატორის მტკიცებით, უკრაინის იერიშის შედეგად ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა

ცენტრში - ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით, ოლქში უკრაინის იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა რვა. 

გლადკოვის თქმით, დაზიანებულია მეფრინველეობის ფაბრიკის მიდამოები. მისივე მტკიცებით, იერიშის საპასუხოდ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გააქტიურდა. 

აქამდე რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერდა, რომ ადგილობრივი დროით 13:00-ზე ბელგოროდის ოლქში ათი აფეთქების ხმა გაისმა.

ბელგოროდის ოლქი უკრაინას ესაზღვრება. რუსეთს ამ ოლქზე მოწინააღმდეგის იერიშების მიტანის ცნობები აქამდეც გაუვრცელებია.

რუსი ნაციონალისტები აქტიურად ითხოვენ უკრაინის მოსაზღვრე ოლქებში: კურსკში, ბელგოროდსა და ბრიანსკში თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას. ამ რეგიონებში განათავსეს ტანკსაწინააღმდეგო წინაღობებიც.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის გასული კვირების შეფასებით, რუსეთი საკუთარ საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებზე თავდაცვითი პოზიციების მზადებით მოქალაქეებში პატრიოტული გრძნობების გაღვივებას ცდილობს.

კომენტარები