სამხედრო სამსახური

თავდაცვის მინისტრი: ჯარის გაწვევის გადავადება ერთი წლით 10 000 ლარით განისაზღვრა

თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე საუბრისას აღნიშნა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება ერთი წლით 10 000 ლარით განისაზღვრება.

ბურჭულაძის თქმით, გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება, - "თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება. მაგალითად, შესაძლოა იყოს ადამიანი, ვისაც მიზეზი არ გააჩნია, თუმცა არ მოხვდეს სავალდებულო ჯარის გასაწვევთა სიაში. 10 000 ლარის სანაცვლოდ ერთი წლის გადავადების შემდეგ, მოქალაქე ისევ მოხდება პირის გაწვევა.

სამი წელი ინტენსიურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი სამართლიანი ყოფილიყო, რასაც მაქსიმალურად მივაღწიეთ. მე გამაკრიტიკეს სავალდებულო ჯარი რომ არ მაქვს გავლილი, მაგრამ მქონდა ობიექტური მიზეზი - ვიყავი მრავალშვილიანი და სტუდენტობისას სამხედრო კათედრა გავიარე. უკვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები გადავადების შესახებ ძალაში რჩება, როგორიცაა: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები და სხვა". - ღქვა თავდაცვის მინისტრმა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და დაიხურება "ვითომ რელიგიური ორგანიზაციები", რომლითაც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებდნენ. ღარიბაშვილმა პარტია გირჩის მიერ დაფუძნებულ ბიბლიური თავისუფლების დახურვაზე ისაუბრა.

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმაზეც ისაუბრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, წვევამდელები სამხედრო სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის უწყებებში შეძლებენ, ხოლო სტუდენტებს სავალდებულო სამსახურის გავლა 4-წლიანი სტუდენტობის ყოველ წელს ერთი თვით შეეძლებათ. ღარიბაშვილის თქმით, ცვლილებები 2025 წლიდან ამოქმედდება.

2017 წლიდან დღემდე, გირჩის ბიბლიურმა თავისუფლებამ მღვდელმსახურის მოწმობა დაახლოებით 50 000 ადამიანზე გასცა. ამ დოკუმენტით ახალგაზრდებმა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შეძლეს.

 

კომენტარები