სამხედრო სამსახური

სტუდენტებს სავალდებულო ჯარის გავლა სწავლის ყოველ წელს ერთი თვით შეეძლებათ – ახალი რეფორმა

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა 4-წლიანი სტუდენტობის ყოველ წელს ერთი თვით შეეძლებათ, საბოლოოდ კი მათ სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ. ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სამხედრო სამსახურის რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, 2025 წლიდან ამოქმედდება.

"აუცილებელია უფრო მოქნილი სისტემის შეთავაზება სტუდენტებისთვის. სტუდენტები 23 წლის ასაკამდე, ვინც გადაწყვეტს, რომ სამხედრო წვრთნა გაიაროს სტუდენტობის პერიოდშივე, 4 წლის ვადაში მას შეეძლება, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოს და წელიწადში ერთთვიანი ინტენსიური მომზადების პროგრამა იქნება სამხედრო ბაზებზე და გავლიან ძირითადი პროგრამის იდენტურ სახმედრო-საბრძლო მომზადების პროგრამას. ანუ 4 წლიანი პროგრამა იქნება, წელიწადში 1 თვე მოუწევთ მათ სამხედრო ბაზებზე ინტენსიური მომზადება და სტუდენტობის დასრულებისთანავე, 4 წლის შემდეგ მათ ჩავუთვლით სამხედრო სავალდებულო სამსახურს მოხდილად და მიენიჭებათ რეზერვის რიგითი სამხედროს წოდება. ჯამში, 4 წლის თავზე, დაახლოებით, 10 000 წვევამდელს მოვამზადებთ წელიწადში. აქედან ნახევარი იქნება ეს სტუდენტები და ნახევარი იქნება ჩვეულებრივი წვევამდელები". – თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ახალი რეფორმით ქვეყანას 10 წელში 100 000-კაციანი რეზერვი ეყოლება, ხოლო წვევამდელები სამხედრო სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის უწყებებში შეძლებენ. პრემიერმინისტრმა არაეფექტური უწოდა არსებულ სისტემას, რომელიც, მისი თქმით "გაფანტული" იყო.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, შეიქმნება ახალი სხვადასხვა ვადიანი პროგრამები, რომლის დამთავრების შემდეგად მოქალაქეებს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება.

"დამატებით შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამა იქნება 6-თვიანი, 8-თვიანი,11-თვიანი, იმის მიხედვით, ვინ როგორ კარიერას ირჩევს შემდგომში. მინიმუმ იქნება 6-თვიანი პროგრამა. არ იქნება უბრალოდ თეორიული სწავლება, იქნება ინტენსიური საბრძოლო, სამხედრო მომზადება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ პირს ექნება მოხდილი სამხედრო სავალდებულო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება. ამას გარდა, გეტყვით, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ძლიერი რეზერვის შექმნა. ასევე, ჩვენ ერთად გვქონდა ამის თაობაზე საუბარი, გაწვევას რეგიონული სამინისტროს ნაცვლად განახორციელებს თავდაცვის უწყება. ეს პროცესი დაიწყება იანვრიდან, მაგრამ ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. მანამდე სამინისტროს სჭირდება მოწესრიგება, სისტემის კარგად მომზადება. ასევე, გვინდა, რომ რეგიონებში ავაშენოთ თავდაცვის ცენტრები, რომ ადგილზე გაუადვილდეთ ჩვენს ახალგაზრდებს ჯერ ერთი, ინფორმაციის მიღება და მეორე ის, რომ მაქსიმალურად კომფორტულად მოხდეს ჩაწერა და რეკრუტირება. ეს პროექტი დაგვიჯდება, დაახლოებით, 80 მილიონ ლარზე მეტი 2025 წლის 1იანვრიდან". – თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და დაიხურება "ვითომ რელიგიური ორგანიზაციები", რომლითაც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებდნენ. ღარიბაშვილმა საუბრისას პარტია გირჩის მიერ დაფუძნებულ ბიბლიური თავისუფლების დახურვას გაუსვა ხაზი.

კომენტარები