სამხედრო სამსახური

თავდაცვის კანონპროექტით, სტუდენტი სავალდებულო ჯარს ავტომატურად თავს ვეღარ აარიდებს

ქართველი რეინჯერები წვრთნების დასრულების ცერემონიაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გორგაძებ პირველ არხთან ისაუბრა თავდაცვის კოდექსზე, რომლის განხილვაც მიმდინარეობს და მიღების შემთხვევაში ძალაში 2025 წლიდან შევა. გორგაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ სტუდენტის სტატუსი მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს ავტომატურად ვეღარ აარიდებს.

გორგაძის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სავალდებულო სამსახური ყველა სტუდენტს შეეხება. მისივე თქმით, სტუდენტების შერჩევა შემთხვევითი პრინციპით მოხდება.

"[ინიცირებული კოდექსის მოდელი] ძალიან მოქნილია სტუდენტებისთვის, თუმცა არ ნიშნავს, რომ ყველა სტუდენტი დაექვემდებარება გაწვევას. ჩვენ გვაქვს საჭიროება ყოველ წელიწადში, პირობითად ვიძახი, 5-7 000 ახალგაზრდა რომ გავწვრთნათ... რაოდენობა ყოველწლიურად თავდაცვის აქტით დგინდება, იმის მიხედვით, თუ როგორ არის შესავსები ქვედანაყოფები...

მაგალითად, თუ 7 000 უნდა გავატაროთ ერთი წლის განმავლობაში და გასაწვევ პირთა ოდენობა არის 6 000, 1 000 უკვე სტუდენტთა შემადგენლობიდან ჩაერთვება. სტუდენტების შერჩევა შემთხვევითი პრინციპით, ელექტრონული პროგრამით მოხდება. მათ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი, თუ სწავლასთან ერთად 4-წლიანი პროგრამა". – თქვა გორგაძემ.

გორგაძემ აღნიშნა, რომ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სავალდებულო სამსახურის 4 სასწავლო წელზე გადანაწილება და ამისთვის არდადეგების გამოყენება, ან აიღონ აკადემიური წელი და გაიარონ 6,8 ან 11-თვიანი სავალდებულო სამსახური.

"სტუდენტებისთვის იქნება შესაძლებლობა გაიარონ სავალდებულო სამსახური ისე, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ, რაც გულისხმობს 4 წლის განმავლობაში ყოველ წელს, წელიწადში ერთხელ, არდადეგების ხარჯზე, მოხდეს მათი გადამზადება, წვრთნა, შეკრება. 4 წლის თავზე, როცა დიპლომს აიღებენ, უკვე ჩაირიცხებიან რეზერვში... პროგრამა ისეა შედგენილი, რომ მინიმალური, საბაზისო ცოდნა იქნება მიღწეული". – აღნიშნა გორგაძემ. 

თავდაცვის სამინისტრომ კოდექსის პროექტი 2022 წლის ბოლოს დააინიცირა.

კომენტარები