აკვარიუმის აფეთქება

ბერლინში 14 მეტრი სიმაღლის აკვარიუმი აფეთქდა, წყალმა სასტუმრო და მიმდებარე ქუჩები დატბორა

ALAMY

გერმანიაში, ბერლინის ცენტრში მდებარე სასტუმრო Radisson Blu-ში მსოფლიოში ყველაზე დიდი ცალკე მდგომი ცილინდრული ფორმის აკვარიუმი AquaDom-ი აფეთქდა

14 მეტრი სიმაღლის აკვარიუმში 1500 ტროპიკული სახეობის თევზი ცხოვრობდა და ცილიდრულ აკვარიუმში შესაძლებელი იყო ლიფტით გადაადგილებაც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად, შუშის ნამსხვრევებით, სულ მცირე, 2 ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, დაიტბორა სასტუმროს ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები. გავრცელებული ინფორმაციით, აკვარიუმი დაახლოებით მილიონ ლიტრ წყალს იტევდა, დაღვრილმა წყალმა კი ქუჩაში გაიტანა შენობაში მდგომი ავეჯი და ნივთები.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიის ასობით მეხანძრე და მაშველი მუშაობს. სასტუმროდან განხორციელდა სტუმრების და თანამშრომლების ევაკუცია.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ აკვარიუმს რესტავრაცია 2 წლის წინ ჩაუტარდა.

კომენტარები