ჯეინ ფონდა

"თავს ბედნიერად და იღბლიანად ვგრძნობ" – ჯეინ ფონდა სიმსივნესთან ბრძოლაში იმარჯვებს

ABC News

ჰოლივუდის ლეგენდა ჯეინ ფონდა სიმსივნესთან ბრძოლაში იმარჯვებს. ინფორმაციას მსახიობი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"საუკეთესო საჩუქარი დაბადების დღისთვის! გასულ კვირას ჩემმა ონკოლოგმა მითხრა, რომ სიმსივნის რემისია დაიწყო. თავს ბედნიერად და იღბლიანად ვგრძნობ. მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა". – წერს 84 წლის მსახიობი.

2022 წლის 3 სექტემბერს მსახიობს არაჰოჯკინსის ლიმფომა დაუდგინდა.

"ძვირფასო მეგობრებო, რაღაც პირადული უნდა გაგიზიაროთ. არაჰოჯკინსის ლიმფომა დამიდგინდა და ქიმიოთერაპიის კურსი დავიწყე. 

განკურნებადი სიმსივნეა, რომელსაც დაავადებულთა 80% ამარცხებს, ამიტომ, თავს იღბლიანად ვგრძნობ.

ასევე, იღბლიანი ვარ, რადგან მაქვს ჯანმრთელობის დაზღვევა, წვდომა ექიმებსა და მკურნალობაზე. ძალიან მტკივნეულია იმაზე ფიქრი, რომ ამ საკითხში პრივილეგირებული ვარ. ამერიკაში თითქმის ყველა ოჯახს აქვს შეხება სიმსივნესთან და მათ უმრავლესობას არ აქვს წვდომა იმ ხარისხის ჯანდაცვაზე, რომელიც მე მაქვს და ეს არ არის სწორი.

ასევე, მეტი უნდა ვილაპარაკოთ სიმსივნის გამომწვევ მიზეზებზე. მაგალითად, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ წიაღისეული საწვავი სიმსივნეს იწვევს. ასევე, პესტიციდებიც". – წერს 84 წლის მსახიობი.

ჯეინ ფონდა ამერიკელი მსახიობი და აქტივისტია. არის ამერიკული კინოს ლეგენდის, მსახიობ ჰენრი ფონდას შვილი, პიტერ ფონდას უმცროსი და და ბრიჯიტ ფონდას დეიდა. კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს 2 ოსკარი, 5 ოქროს გლობუსი, ორი BAFTA და ერთი ემი. აქტიურად აპროტესტებდა ვიეტნამში მიმდინარე ომს, 1972 წელს მსახიობი ჩრდილოეთ ვიეტნამს ეწვია, მის ვიზიტს ამერიკული საზოგადოების დიდი ნაწილი კრიტიკულად შეხვდა. აქტიურად აპროტესტებდა სამხედრო ოპერაციას ერაყში. არის ცხოველთა უფლებების ცნობილი დამცველი. 1990 წელს წავიდა კინოდან, თუმცა 2005 წელს სამსახიობო კარიერა განაახლა.

კომენტარები