"განკურნების დიდი შანსია" – ჯეინ ფონდა სიმსივნეს ებრძვის

CTV News

ჯეინ ფონდა სიმსივნეს ებრძვის. ამერიკელმა მსახიობმა დიაგნოზის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელ Instagram-ზე გამოაქვეყნა.

"ძვირფასო მეგობრებო, რაღაც პირადული უნდა გაგიზიაროთ. არაჰოჯკინსის ლიმფომა დამიდგინდა და ქიმიოთერაპიის კურსი დავიწყე. 

განკნურნებადი სიმსივნეა, რომელსაც დაავადებულთა 80% ამარცხებს, ამიტომ, თავს იღბლიანად ვგრძნობ.

ასევე, იღბლიანი ვარ, რადგან მაქვს ჯანმრთელობის დაზღვევა, წვდომა ექიმებსა და მკურნალობაზე. ძალიან მტკივნეულია იმაზე ფიქრი, რომ ამ საკითხში პრივილეგირებული ვარ. ამერიკაში თითქმის ყველა ოჯახს აქვს შეხება სიმსივნესთან და მათ უმრავლესობას არ აქვს წვდომა იმ ხარისხის ჯანდაცვაზე, რომელიც მე მაქვს და ეს არ არის სწორი.

ასევე, მეტი უნდა ვილაპარაკოთ სიმსივნის გამომწვევ მიზეზებზე. მაგალითად, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ წიაღისეული საწვავი სიმსივნეს იწვევს. ასევე, პესტიციდებიც". – წერს 84 წლის მსახიობი.

ჯეინ ფონდა ამერიკელი მსახიობი და აქტივისტია. არის ამერიკული კინოს ლეგენდის, მსახიობ ჰენრი ფონდას შვილი, პიტერ ფონდას უმცროსი და და ბრიჯიტ ფონდას დეიდა. კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს 2 ოსკარი, 5 ოქროს გლობუსი, ორი BAFTA და ერთი ემი. აქტიურად აპროტესტებდა ვიეტნამში მიმდინარე ომს, 1972 წელს მსახიობი ჩრდილოეთ ვიეტნამს ეწვია, მის ვიზიტს ამერიკული საზოგადოების დიდი ნაწილი კრიტიკულად შეხვდა. აქტიურად აპროტესტებდა სამხედრო ოპერაციას ერაყში. არის ცხოველთა უფლებების ცნობილი დამცველი. 1990 წელს წავიდა კინოდან, თუმცა 2005 წელს სამსახიობო კარიერა განაახლა.

კომენტარები