მიხეილ სააკაშვილის კადრები

გვარამია: კადრების გავრცელება სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ახალი ეპიზოდია

გუშინ ვიხილეთ უბინძურესი და სასტიკი დანაშაული, ჩადენილი სახელმწიფოს მიერ. საკუთრივ, გავრცელებული კადრები არ გვეუბნება არაფერს, გარდა ერთისა: ბოლო 15 წამის მასალით ირკვევა, რომ დღეს სააკაშვილი ღრმად სნეული, უდროოდ დაბერებული, მომაკვდავი ადამიანია. აი, კადრების გავრცელების ფაქტი კი არის სააკაშვილის მიმართ ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კიდევ ერთი, ახალი ეპიზოდი.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქართულ ოცნებას სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი და ამ გზიდან იგი გადახვევას არ აპირებს თუ გაერთიანებული ძალებით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ შეუძლებელი არ გავხადეთ მათი ამ კანიბალური მიზნის მიღწევა.

გუშინდელი დღის შემდეგ, ასევე ცალსახაა, რომ იმ კლინიკაში, რომელში ყოფნასაც სააკაშვილის წამების ახალი ეპიზოდი უკავშირდება, თეორიულადაც შეუძლებელია არა თუ მისი გამოჯანმრთელება, არამედ ნეგატიური დინამიკის პროგრესული ტემპის ოდნავ შეჩერებაც კი. წამების საერთაშორისო კონვენციით, დამატებითი პროტოკოლებით, სამედიცინო გაიდლაინებით, სააკაშვილი დაუყოვნებლივ განრიდებულ უნდა იქნეს იმ სისტემებს და წიაღებს (პენიტენციური იქნება თუ ჯანდაცვის), სადაც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ქონდა ადგილი.

ცხადია, როდესაც წამების ეპიზოდს ვივამედს ვუკავშირებ, არ ვგულისხმობ რომ კლინიკამ აწამა ის. ვგულისხმობ, რომ კლინიკაში მის ყოფნას უკავშირდება ის ვიდეომასალა, რომლის გამოქვეყნებაც შეადგენს წამების დანაშაულს. შესაბამისად, პატიმარი სააკაშვილი აპრიორი ვერ იგრძნობს თავს კლინიკაში უსაფრთხოდ და ვერ ექნება ნდობა პერსონალისადმი.

ასე ეხმაურება მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებას.

კომენტარები