მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა

სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ცნობით "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას".

პენიტენციური სამსახური წერს, რომ გამოქვეყნებულ მასალაში ნათლად ჩანს სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, "რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა".

"ვიდეოკადრები ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას სამედიცინო პერსონალის მიმართ, კერძოდ მისი მხრიდან განხორციელებული შეურაცხყოფისა და აგრესიული ქცევების ფაქტებს". - წერს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში კადრებზე საუბრისას თქვა, რომ ვიდეომასალა აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.


მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები მისი სასჯელის გადავადებას ან მის სრულ გათავისუფლებას ითხოვენ. ექიმების, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – მათივე ინფორმაციით, სააკაშვილი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

კომენტარები