მიხეილ სააკაშვილის კადრები

წულუკიანი სააკაშვილზე: ასეთი სიმულანტობა არ შემხვედრია, ვფიქრობ, რამე ნივთი არ მომხვდეს

ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში არაერთი პატიმარი მინახავს, რომელიც შიმშილობდა. ზოგიერთ მათგანს კვირების და თვეების მანძილზე უშიმშილია, ზოგჯერ იყო მშრალი შიმშილობა, ზოგჯერ არა, მაგრამ ასეთი სამსაათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც იმ სისტემას ვმართავდი. ისტორიაშიც რამდენად არის უპრეცედენტო, არ ვიცი. მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს, მეტი სერიოზულობა მართებთ მის მხარდამჭერებს ციხის გარეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად, იყოს კიდევ უფრო ძლიერი ამ საქმეში, ვინაიდან პატიმრის მონაწილეობა მისივე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ვამბობ ამას და თან ვფიქრობ, რომ ჩემი კომენტარის მოსმენისას რაიმე ნივთი არ მომხვდეს მისი მხრიდან სახეში, ვინაიდან ჩვენ ვიხილეთ პატიმარი, რომელიც არის აბსოლუტურად არასერიოზული და დაკავებულია იმით, რომ როგორმე თავიდან აირიდოს ის კანონიერი სასჯელი, რომელიც, მისდა გასაკვირად, დამოუკიდებელმა სასამართლომ მიუსაჯა. ეს სასჯელი უნდა იყოს მოხდილი. ეს ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა, ვინაიდან დაზარალებული ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია სისხლის სამართალში. დაზარალებულებს სჭირდებათ, რომ დამნაშავემ მოიხადოს სასჯელი სრულად. ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩვენ აუცილებლად გვაწუხებდეს და გვაწუხებს კიდევაც, არის ის, რომ თავად პატიმარმა დახმარება აღმოუჩინოს საკუთარ თავს, მისცეს ხელისუფლებას საშუალება, რომ იმ ნაბიჯებმა, რასაც დგამენ პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო, მოიტანოს მაქსიმალურად სასიკეთო შედეგი, პატიმარი თავს გრძნობდეს კარგად სასჯელის მოხდის პერიოდში. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებას.

კომენტარები