ირანი

ირანს, სავარაუდოდ, გაეროს ქალთა კომისიის წევრობას შეუწყვეტენ

ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) 54 წევრი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებულ რეზოლუციას კენჭს უყრის, რომლის მიხედვით ირანის ისლამურ რესპუბლიკას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წევრობა დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეს.

გაეროს ქალთა კომისიის წევრობის შეწყვეტა ქალების უფლებების საწინააღმდეგო პოლიტიკის გამო გადაწყდა, თუმცა რამდენიმე ქვეყანა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავს იკავებს. 

45-კაციანი კომისია ყოველწლიურად მარტში იკრიბება და გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამერიკელმა წარმომადგენელმა გამოცემა Reuters-თან თქვა, რომ ირანისთვის წევრობის შეწყვეტის მხარდამჭერების ზრდა აშკარაა. 

ირანი, პალესტინა და 17 სხვა სახელმწიფო ECOSOC-ისადმი მიწერ წერილში ამტკიცებენ, რომ კენჭისყრა “უდავოდ შექმნის არასასურველ პრეცედენტს, რომელიც საბოლოოდ ხელს შეუშლის განსხვავებული კულტურის, ჩვეულებებისა და ტრადიციების სახელმწიფოებს… წვლილი შეიტანონ მსგავსი კომისიების საქმიანობაში.”

წერილში აღნიშნული იყო, რომ წევრები ამერიკის წინააღმდეგ უნდა წავიდნენ, რათა თავიდან აიცილონ “ახალი ტენდენცია – სუვერენული და კანონიერად არჩეული სახელმწიფოები საერთაშორისო სისტემებიდან განდევნონ, თუკი ისინი რაღაც მომენტში შეუთავსებლად აღიქმებიან.” ამ ეტაპზე ხელმომწერთაგან მხოლოდ ხუთია ECOSOC-ს წევრი. 

ირანში საპროტესტო გამოსვლები 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ მკაცრი წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა და სამი დღის შემდეგ, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

პირველი საპროტესტო აქცია ამინის დაკრძალვის შემდეგ ქალაქ საყეზში 17 სექტემბერს გაიმართა, სადაც ქალებმა სოლიდარობის ნიშნად თავსაბურავები მოიხსნეს და დაწვეს. სექტემბრიდან საპროტესტო აქციების ტალღა გრძელდება, დაღუპულია ასობით ადამიანი. 

საპროტესტო აქციების დაწყებიდან მალევე აშშ-მ სანქციები დაუწესა მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მიმდინარე პროტესტის ჩახშობაზე არიან პასუხისმგებელი. 

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში წინა კვირას ორი ადამიანი ჩამოახრჩვეს. სასამართლომ ისინი “ღმერთის წინააღმდეგ მტრობის” ბრალდებით გაასამართლა. 

კომენტარები