საქართველო-ევროკავშირი

პაპუაშვილი: ევროპარლამენტარების ნაწილის მიზანია, რომ ბიძინა ივანიშვილი დასაჯონ

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტარის, რაფაელ გლუკსმანის განცხადება შეაფასა. პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელთა მიზანი ბიძინა ივანიშვილის დასჯა და სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებაა.

"ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებული მეგობრები არიან. ვხედავთ, რომ მათ საქართველოს მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვთ, გარდა ერთისა - 2012 წლიდან მოყოლებული, ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელთაც მხოლოდ 1 მიზანი აქვთ - ბიძინა ივანიშვილი დასაჯონ და მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში დააბრუნონ. სწორედ ამას ვუყურებთ წლების განმავლობაში. მიზეზი და საბაბი შეიძლება, სხვადასხვა იყოს, მაგრამ არსი ყოველთვის ერთია. სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელიც არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია. მათი მიზანი ბიძინა ივანიშვილის დასჯაა, ვინაიდან, მან ქართველ ხალხთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ჩამოაცილა. მათი მიზანი სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებაა. ამას ქართველი ხალხიც ხედავს და ამიტომაც არის, რომ ასეთი სახის განცხადებებზე რეაქცია არ არის". - თქვა პაპუაშვილმა.

ფრანგმა ევროპარლამენტარმა, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრმა, რაფაელ გლუკსმანმა თქვა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსი სურს, პირველი, რაც უნდა გააკეთოს, არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს ევროპაში გადაყვანისა და იქ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს. გლუკსმანის განცხადებით, თუ სააკაშვილს ციხეში რამე დაემართა, საქართველომ უნდა დაივიწყოს ყველაფერი, რაც შეიძლება, ევროპისგან მიიღოს.

კომენტარები