მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება

საზოგადოებრივი მაუწყებელი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეზე მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს, 11 საათზე ჩაინიშნა. დაცვის მხარე "4-5 დღეში" ითხოვდა სხდომის გამართვას, მოპასუხე მხარეს, პენიტენციურ სამსახურს კი, საქმის მასალების შესასწავლად 1 თვე სურდა.

მოსამართლის თქმით, "ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ამისთვის ერთი თვეა საჭირო". მან აღნიშნა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საქმის განხილვა შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოხდეს.

14 დეკემბრის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად უნდა ჩართვოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ კლინიკა ვივამედს "შესაბამისი ტექნიკური მოწყობილებები არ აქვს". იქამდე, კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა თქვა, რომ ექსპრეზიდენტი მზად არის, სასამართლო პროცესს ONLINE დაესწროს. სხდომაზე მოსამართლემ იკითხა, "მომდევნო კვირას, მომდევნო თვეს, მომდევნო წელს რომ ჩავნიშნოთ პროცესი, ჩართვის საკითხს წავწევთ წინ?", რაზეც მოპასუხე მხარემ თქვა, რომ "პენიტენციური სამსახური მაქსიმალურად ეცდება პრობლემის მოგვარებას".

​​​​​​​მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები მისი სასჯელის გადავადებას ან მის სრულ გათავისუფლებას ითხოვენ. ექიმების, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – მათივე ინფორმაციით, სააკაშვილი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

კომენტარები