მიხეილ სააკაშვილი

ბრეგაძე სააკაშვილზე: თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები, კადრებს გავასაჯაროებთ

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით "გარკვეულ სიმულაციებთან გვაქვს საქმე" და თუ ისინი არ შეწყდება, სამინისტრო ამის დასამტკიცებლად გარკვეულ კადრებს გაასაჯაროებს.

"რა თქმა უნდა ამას აქვს დამადასტურებელი მასალა, მათ შორის არის არის ვიდეო-მასალა. ეს ვიდეო-მასალა ნათლად აჩვენებს, ასევე გვაქვს გარკვეული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ეს ადამიანი, მათ შორის, ხელს უშლიდა ექიმების საქმიანობას და ასევე, სასამართლოს საქმიანობას. ჩვენ ძალიან ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, მაგრამ თუკი იმ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის უსაფრთხოება, სახელმწიფოს უსაფრთხოება და საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და იმის დადასტურება, რომ საქართველოში არავის აწამებენ და საქართველოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი, თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას იმისთვის, რომ მოპოვებული იყოს თავისუფლება სამართლებრივი გზების გარეშე და განხორციელდეს კონსტიტუციით აკრძალული ქმედება, იძულებული ვიქნებით, სწორედ ამ ლეგიტიმური მიზნით, რომ გავასაჯროვოთ გარკვეული კადრები". – თქვა რატი ბრეგაძემ რუსთავი 2-თან საუბარისას.

მინისტრი ამბობს, რომ პროცესი მიზნად ისახავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, "რის სანაცვლოდაც უნდა იქნას მოპოვებული თავისუფლება".

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები მისი სასჯელის გადავადებას ან მის სრულ გათავისუფლებას ითხოვენ. ექიმების, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – მათივე ინფორმაციით, სააკაშვილი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხდარიყო. 

"ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია". - წერია დასკვნაში.  


იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებული ვიდეო-კადრები აქამდეც გაავრცელა, რის გამოც უწყებას პენიტენციურ სამსახურთან ერთად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჯარიმა დააკისრა. პირველ ჯერზე პენიტენციურმა სამსახურმა ციხეში სააკაშვილის კვების შესახებ პირადი ინფორმაცია და კადრები გაავრცელა, ხოლო შემდეგ ექსპრეზიდენტის გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაყვანის კადრები.

კომენტარები