საქსტატი

დღე-ღამეში მოსახლეობა 11.7 საათს თავზე ზრუნვასა და ძილზე ხარჯავს, 2.6 საათს მუშაობაზე – საქსტატი

საქსტატის მიერ საქართველოს მოსახლეობის მიერ დროის გამოყენების კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობა ყველაზე მეტ დროს, დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს ხარჯავს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე, მათ შორის ძილზე. აღსანიშნავია, რომ პირველი მაჩვენებლის გარდა, ყველა კატეგორია პირველ რიგში, მთელ მოსახლეობაზე საათების საშუალო რაოდენობას აჩვენებს, ხოლო ზოგ შემთხვევაში, შემდეგ უშუალოდ პროცესში ჩართული ადამიანების მიერ დახარჯული საშუალო დროის მაჩვენებელს.

მაგალითად, ქვეყნის მოსახლეობა დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე საშუალოდ 2.6 საათს ხარჯავს, თუმცა უშუალოდ პროცესში მონაწილეები, ანუ დასაქმებულების მიერ დახარჯული საათების საშუალო მაჩვენებელი 8.2-ია. კვლევის თანახმად, მოსახლეობა დღის განმავლობაში ხარჯავს:

  • 4.2 საათს – კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე;
  • 2.1 საათს – შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ საოჯახო მომსახურებაზე;
  • 1.4 საათს – სოციალიზაციაზე, კომუნიკაციაზე, სათემო და რელიგიურ აქტივობებში მონაწილეობაზე;
  • 0.9 საათს – საკუთარი საბოლოო მოხმარებისთვის პროდუქციის წარმოებაზე (უშუალო მონაწილეები საშუალოდ 3.1 საათს)
  • 0.6 საათს – შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ ზრუნვის მომსახურებაზე;
  • 0.3 საათს – სწავლაზე;
  • ხოლო 0.1 საათს – სტაჟირებაზე, მოხალისეობრივ და სხვა სახის აუნაზღაურებელ შრომაზე.
საქსტატი

აქტივობებზე დახარჯული დროის მიხედვით, ყველაზე დიდი განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის შეინიშნება აუნაზღაურებელი საოჯახო საქმეების შემთხვევაში, რომელზეც ქალები, კაცებთან შედარებით, დღეში 4.9-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ. დასაქმებისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების შემთხვევაში კი სურათი საპირისპიროა – კაცების მიერ დახარჯული საშუალო დრო 1.9-ჯერ აღემატება ქალების ამავე მაჩვენებელს.

დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებში დახარჯული დროის მაჩვენებელი დასახლების ტიპის მიხედვით განსხვავებულია. თბილისში მონაწილეების მიერ დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე დღეში საშუალოდ დახარჯული დრო 9.1 საათს შეადგენს, ხოლო სხვა ქალაქებსა და სოფლებში შედარებით ნაკლებს – 8.6 საათს და 7.0 საათს, შესაბამისად. მონაწილე ქალები, კაცებთან შედარებით, ამ აქტივობებზე დღეში საშუალოდ 0.9 საათით ნაკლებს ხარჯავენ (7.7 საათი და 8.6 საათი, შესაბამისად).

კომენტარები