რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მდინარაძე ქართველ მებრძოლებზე: სხვა ქვეყნის ჯარში თუ ირიცხებიან, კარგავენ მოქალაქეობას

"თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის იმ ადამიანებს" - ასე ეხმაურება ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სამთავრობო პროპაგანდისტული POS TV-ის გამოქვეყნებულ მიმოწერას, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ უკრაინაში ქართულ ლეგიონში გაწევრიანების მსურველები ანაზღაურებას იღებენ. 

"იმ მიმოწერაში არსად ჩანს, არ უხსნის მეორე მხარე, ვინც ეპატიჟება და 45 000 გრივნაზე ესაუბრება, არ უხსნის, რომ ქართული და ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით, ევროპული კანონმდებლობა ასეა, არ მგონია, გამონაკლისი იყოს რომელიმე სახელმწიფო - თუ სხვა ქვეყნის ჯარში, მის რიგებში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად. ანუ თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის და შეიძლება, ის ადამიანები აღმოჩნდნენ ფაქტის წინაშე, უნდა იცოდნენ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, რომ კარგავენ საქართველოს მოქალაქეობას, თუ როგორც ის ადამიანი იწერება, ირიცხებიან სხვა ქვეყნის ჯარში, მაგრამ ეს შეიძლება მართალიც არ იყოს, შეიძლება, საერთოდ არ ირიცხებოდნენ და ა.შ" - თქვა მდინარაძემ TV იმედის ეთერში.

საუბარია საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ "საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში". 

თავად უკრაინაში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი TV იმედთან საუბარში ამბობს, რომ "არაერთი დანაყოფია და, რა თქმა უნდა, ვახდენთ რეკრუტირებას. მსურველი ვინც არის და ვინც იდეოლოგიურად გვეთანხმება, შეუძლია, ჩამოვიდეს, კი ბატონო. რა თქმა უნდა, ჯარისკაცს ხელფასი აქვს. როდესაც კონტრაქტს აწერს ხელს და კონტრაქტორი ხდება ჯარის, რა თქმა უნდა, ხელფასი აქვს ისეთი, როგორიც სხვა ნებისმიერ ჯარისკაცს. დასამალი არაფერია ამაში, როდესაც ადამიანი მიდის კონტრაქტზე და ხდება ჯარისკაცი, მას აქვს ხელფასი. ამას ვერ გაექცევი. რომც არ გინდოდეს ეს ხელფასი, მაინც დაგინიშნავენ, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი მოსამსახურე ხარ. კანონმდებლობით, უკრაინაში კონტრაქტორი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე“.

კომენტარები