საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

"კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბოლო ერთი წელში 28 სარჩელი შევიდა, უმეტესად ოცნებიდან" – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს [TI] განცხადებით, გასულ ერთ წელში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ 28 სარჩელი შევიდა. კერძოდ სამი ტელევიზიის - მთავარი არხის, ტვ პირველისა და ფორმულას წინააღმდეგ.

მათივე განმარტებით, მომჩივნების  დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად, - "სამწუხაროა, სასამართლო პრაქტიკის ცვლილებაც, მაგალითად, კანონმდებლობით დადგენილი ცალსახა ჩანაწერის მიუხედავად, მტკიცების ტვირთი ჟურნალისტზე გადადის".

კონკრეტულად კი, ამ ტენდენციის გაგრძელებაა 15 ათასი ლარის ჯარიმის დაკისრება ჟურნალისტზე, რომლის გადახდაც სასამართლომ ტვ პირველთან ერთად ჟურნალისტ მაია მამულაშვილსაც დაავალდებულა, - "კანონით, მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხე მედიის მესაკუთრეა. ეს ბოლო ორ დღეში სასამართლოს მიერ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიღებული მეორე გადაწყვეტილებაა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, ფორმულასა და მთავარი არხის წინააღმდეგ, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი უჩიოდა" . - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ტვ პირველზე და ჟურნალისტ მაია მამულაშვილზე ბოლო პერიოდში მედიაზე ზეწოლის საშიში ტენდენციის ახალ ეტაპზე გადასვლაა. TI-ის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლოს კრიტიკული მედიის შესავიწროვებლად იყენებენ. 

"ქართული მედია გარემო, განსაკუთრებით კი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის წარმომადგენლების საქმიანობა სასიცოცხლო გამოწვევების წინაშე დგას. ჟურნალისტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის, მასობრივი უკანონო მოსმენებისა თუ მიზანმიმართული დეზინფორმაციის  პარალელურად, ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის მხრიდან ხდება სასამართლო ხელისუფლების ბოროტად გამოყენება [...]

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და უზრუნველყონ კრიტიკული მედიის დაცვა, თავისუფალი საქმიანობა და შეწყვიტონ საკუთარი გავლენების გამოყენება მედიის შესავიწროვებლად. არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად აფეხერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და აზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას" . - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები