პროკურატურა

"უცხოეთის მოქალაქემ 7 მლნ-ზე მეტი გაათეთრა" – პროკურატურამ სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინეს და ფულის გათეთრების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. უწყების ცნობით, ბრალდებულის მიერ საქართველოში გახნილ ანგარიშზე 7 000 000 ლარზე მეტი აღმოჩნდა. 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მოქალაქეზე ფინანსური დანაშაულების გამო ერთ-ერთ ქვეყანას ძებნა აქვს გამოცხადებული.

"მოქალაქემ, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი და არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 7 000 000 ლარზე მეტი თანხები განათავსა.

თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ბრალდებული ბანკს აწვდიდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ყალბ ხელშეკრულებებს, რომლის თანახმადაც თითქოსდა მან საზღვარგარეთ მოახდინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება, ხოლო ნასყიდობის საფასური თითქოსდა ნაღდი ანგარიშსწორებით ქალაქ ბათუმში მიიღო.

აღნიშნული გზით, ბრალდებულმა დაუსაბუთებელი და არალეგალური შემოსავლის ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, საბანკო დაწესებულებაში არსებულ მის პირად ანგარიშებზე 7 000 000 ლარზე მეტი თანხები განათავსა". - წერია განცხადებაში. 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ეტაპზე საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, არალეგალური წარმომავლობის თანხას ყადაღა დაედო. უწყების ცნობით, დაყადაღებული თანხის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის მიზნით შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებენ. 

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

კომენტარები