დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი

პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაგზავნა

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს, ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი გადაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნული კანონპროექტი 2 მოსმენით უკვე მიღებული აქვს.

კანონპროექტის ვენეციაში გადაგზავნას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს. მათი თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება.

2022 წლის ზაფხულში ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის არმინიჭების შემდეგ ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების 12 პირობას შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა. ევროკავშირის რეკომენდაციის შესასრულებლად ქართულმა ოცნებამ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება გადაწყვიტა, თუმცა ჯერ კიდევ პროცესის დაწყებამდე მმართველი პარტიის წევრები ღიად ამბობდნენ, რომ ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის კანონი არ გავრცელდებოდა. ოპოზიცია დეოლიგაქრიზაციის კანონის მთავარ და ერთადერთ ობიექტად ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებდა, ხოლო მმართველი პარტია მას "ოპოზიციისთვის საკუთარ ფეხში ნასროლ ტყვიად" მოიხსენიებდა.

ვრცლად კანონპროექტზე: დეოლიგარქიზაციის კანონი იმ ერთადერთის გარეშე

ქართული ოცნების ლიდერებისა და კანონპროექტის სხვა ინიციატორების თქმით, დეოლიგარქიზაციის ქართული კანონის "ობიექტურ საზომად" უკრაინული მოდელი აიღეს, რადგან, მათი თქმით, ევროკავშირის მოწოდება სწორედ ამ ფორმას მიემართებოდა და მსგავსი საკანონმდებლო რეგულაციაც მხოლოდ უკრაინაში გვხვდება. სწორედ ამ მიზეზით, კანონპროექტის ინიციატორებმა ის შესაფასებლად ვენეციის კომისიას არ გადაუგზავნეს. მათი თქმით, ქართულ-უკრაინული კანონების მსგავსებიდან გამომდინარე, ისინიც უკრაინული კანონის შესახებ დასკვნას ელოდებიან, რადგან მის "პირდაპირპროპორციულ გამოყენებას" თავადაც შეძლებენ. 

21 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხელისუფლებას მოუწოდა, მოითხოვონ და შეასრულონ ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ. 16 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტის არსებული რედაქცია მეორე მოსმენით უკვე მიიღო.

 

კომენტარები