დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი

პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტი / Facebook

პარლამენტმა კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ მეორე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 2 იყო.

კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ურჩევდა, რომ უარი ეთქვათ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის არსებულ ვარიანტზე. დასკვნა მთავრობას ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად ყოვლისმომცველი ანალიზის ჩატარებას ურჩევდა. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ოლიგარქიზაციის პრობლემასთან საბრძოლველად სისტემური მიდგომა არ აურჩევია.

კენჭისყრამდე ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები წინააღმდეგობაში მოდის, ხოლო თუ ევროკომისია ვენეციის კომისიის დასკვნას დაეთანხმება და დეოლიგარქიზაციას 12 პუნქტიდან ამოიღებს, მიმდინარე თვეში მიღებული კანონი თებერვალში გაუქმდება.

ამას გარდა, კენჭისყრამდე, 13 ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კობახიძის მსგავსად თქვა, რომ კანონპროექტი მიღებისთანავე არ ამოქმედდება და თუ ევროკავშირი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციას ამოიღებს, ხელისუფლება მზად იქნება, რომ კანონის მიღებაზე უარი თქვას.

2022 წლის ზაფხულში ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების 12 პირობას შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

კომენტარები