დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი

ოხანაშვილი: გთავაზობთ, პირის ოლიგარქად ცნობა მთავრობიდან ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცეს

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით მათ ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია გაითვალისწინეს. ოხანაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა, რომ კანონპროექტის ჩასწორებული ვერსიით, პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობიდან ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცეს.

"ვენეციის კომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ პირის ოლიგარქად მიჩნევის პროცესი პოლიტიზირებული არ უნდა იყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს იმ პროცედურის პოლიტიკისგან დაცლა, როდესაც პირის ოლიგარქად მიჩნევა ხდება. ჩვენ ეს მიდგომა და მათი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და გთავაზობთ, რომ პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობიდან ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცეს, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებშია შექმნილი. შესაბამისად, ეს საკითხი სრულად იქნება დეპოლიტიზირებული. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. ანტიკორუფცული ბიუროს ხელმძღვანელი არის არაპოლიტიზირებული პირი. ამიტომ, გთავაზობთ, რომ პირის ოლიგარქად ცნობაზე უფლებამოსილი იყოს ანტიკორუფციული ბიურო". - თქვა ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტის მეორედ მოსმენა მიმდინარეობს.

21 მარტს პლენალურ სხდომაზე პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მესამე მოსმენიდან კვლავ მეორე - მუხლებრივი განხილვის მოსმენაზე დააბრუნა. ამის მიზეზი ვენეციის კომისიის დასკვნა იყო.

2022 წლის 16 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტის არსებული რედაქცია მეორე მოსმენით მიიღო და ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს, ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის კანონპროექტი გადაუგზავნა.

კომენტარები