კახა კალაძე

"TV პირველი ამ თანხას ვერ გადაიხდის" – მელაძე კალაძე-მამულაშვილის საქმეზე

TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, სასამართლოს მიერ თბილისის მერის, კახა კალაძის საჩივრის საფუძველზე დაკისრებულ თანხას ტელეკომპანია ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ინკასო ადევს. მელაძის ვარაუდით, აღსრულების ბიურო ტელევიზიის ან ტელეწამყვან მაია მამულაშვილის პირად ქონების დააყადაღებს.

"იმის გამო რომ, კახი კალაძეს მაია მამულაშვილის დასმული კითხვა არ მოეწონა, სასამართლომ TV პირველს და მაია მამულაშვილს დააკისრა 15 ათასი ლარის გადახდა. TV პირველი ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო.

შესაბამისად, შემდეგ ნაბიჯი იქნება, კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული, მაცივარი ან ტელევიზორი. ველოდებით აღსრულების სამსახურის, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში ნივთების წასაღებად.

P.S. ჩემს კომპიუტერს ვერ წაიღებთ, ტელევიზიის არაა, ჩემია და სადაც ვმუშაობ, ყველგან თან დამაქვს". – წერს ნოდარ მელაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ TV პირველსა და ტელეწამყვან მაია მამულაშვილს თბილისის მერის, კახა კალაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 15 000 ლარის გადახდა დააკისრა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანიამ უნდა უარყოს კალაძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მან ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.

სასამართლომ კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – თბილისის მერი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარს ითხოვდა. სარჩელი ეხებოდა 2022 წლის 5 ივლისს მაია მამულაშვილის მიერ საავტორო გადაცემა დღის ამბებში მტკიცებით ფორმაში გავრცელებულ ცნობას, რომ კახა კალაძემ 60 მილიონი "ჩაიდო ჯიბეში" ტენდერებიდან და კორუფციული გზით.

მაია მამულაშვილის შეფასებით, კახა კალაძის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის მიზანი იყო, რომ მას და ტელეკომპანიას ფინანსური ზიანი მიადგეთ. მისივე სიტყვებით, 60 მილიონზე ნათქვამი წინადადება მაყურებლისთვის მის მიერ არ ყოფილა მიწოდებული, როგორც ფაქტი და ის საჯარო სივრცეში, მათ შორის, ოპოზიციონერების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეყრდნობოდა. 

კომენტარები