კახა კალაძე

სასამართლომ TV პირველსა და მაია მამულაშვილს კახა კალაძისთვის 15 000 ლარის გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ TV პირველსა და ტელეწამყვან მაია მამულაშვილს თბილისის მერის, კახა კალაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 15 000 ლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაცია ტაბულას მაია მამულაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ დაუდასტურა.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანიამ უნდა უარყოს კალაძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მან ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.

სასამართლომ კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – თბილისის მერი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარს ითხოვდა.

სარჩელი ეხებოდა 2022 წლის 5 ივლისს მაია მამულაშვილის მიერ საავტორო გადაცემა დღის ამბებში მტკიცებით ფორმაში გავრცელებულ ცნობას, რომ კახა კალაძემ 60 მილიონი "ჩაიდო ჯიბეში" ტენდერებიდან და კორუფციული გზით.

მაია მამულაშვილის შეფასებით, კახა კალაძის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის მიზანი იყო, რომ მას და ტელეკომპანიას ფინანსური ზიანი მიადგეთ. მისივე სიტყვებით, 60 მილიონზე ნათქვამი წინადადება მაყურებლისთვის მის მიერ არ ყოფილა მიწოდებული, როგორც ფაქტი და ის საჯარო სივრცეში, მათ შორის, ოპოზიციონერების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეყრდნობოდა. 

კომენტარები