სამხრეთ კორეა

იუნ სუკ იოლი: თუ ჩრდ. კორეა ბირთვული იარაღის გამოცდას გააგრძელებს, უპრეცედენტოდ ვუპასუხებთ

REUTERS/Daewoung Kim

Reuters-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა აღნიშნა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა გააგრძელებს ბირთვული იარაღის გამოცდას, მოკავშირეებთან ერთად უპრეცედენტოდ უპასუხებს და ჩინეთს მოუწოდებს, დაეხმაროს ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებში, რათა შეზღუდოს ქვეყნის ბირთვული შეიარაღებისა და აკრძალული იარაღის განვითარება.

Reuters-თან ფართო ინტერვიუში იუნმა მოუწოდა ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეის უახლოეს მოკავშირეს, შეასრულოს მოვალეობები, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგიონში სამხედრო შეიარაღება გაიზრდება. 

"დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთს აქვს ჩრდილოეთ კორეაზე გავლენის შესაძლებლობა, ამასთანავე, ჩინეთს აქვს პასუხისმგებლობა ჩაერთოს პროცესში". - თქვა იუნმა. 

იუნის განმარტებით, ჩრდილოეთ კორეის ქმედებებს მოჰყვა თავდაცვის ხარჯების ზრდა რეგიონის სახელმწიფოებში, მათ შორის იაპონიაში და, ამასთანავე, აშშ-მ განალაგა დამატებით სამხედრო თვითმფრინავებისა და გემები. 

მისივე თქმით, ჩინეთის ინტერესშია გააკეთოს ყველაფერი ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციისთვის. 

კითხვაზე, თუ რას გააკეთებს სამხრეთ კორეა და მისი მოკავშირეები - ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია, თუ ჩრდილოეთ კორეა ახალ ბირთვულ გამოცდას ჩაატარებს, იუნმა თქვა, რომ პასუხი "იქნება ისეთი, როგორიც აქამდე არ გვინახავს", თუმცა არ განუმარტავს რას გულისხმობდა უპრეცედენტო პასუხში.

"ჩრდილოეთ კორეისთვის უკიდურესად არაგონივრული იქნებოდა მეშვიდე ბირთვული გამოცდის ჩატარება", - უთხრა გამოცემას სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა. 

ჩრდილოეთ კორეამ 18 ნოემბერს გამოცადა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც იაპონიის ტერიტორიული წყლების მახლობლად, მის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა.

სამხრეთ კორეის სარდლობის თქმით, ჩრდილოეთმა რაკეტა ფხენიანის სუნანის რაიონიდან ისროლა. რაკეტა იაპონიის სანაპიროდან 200 კილომეტრში ჩამოვარდა. იაპონელი მაღალჩინოსნების თქმით, მას ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობა იმისთვის, რომ აშშ-ს ტერიტორიასაც მისწვდომოდა. მარტის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როც ჩრდილოეთ კორეის რაკეტა იაპონიის ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა.

აქამდე, გასულ დღეს ფხენიანმა კიდევ ერთი, შედარებით მცირე ზომის რაკეტა გამოცადა, რაც იყო მათი "უფრო ხისტი სამხედრო პასუხის" გაფრთხილება აშშ-ს მიერ რეგიონში მოქმედებების მიმართ.

ფხენიანის მიერ კონტინენტთაშორისი რაკეტის გამოცდა ბოლო კვირაში მეორედ, წელს კი მერვედ მოხდა.

კომენტარები