ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეა მიზნად ისახავს, ჰქონდეს ყველაზე ძლიერი ბირთვული შეიარაღება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გეგმავს, ჰქონდეს ყველაზე ძლიერი ბირთვული შეიარაღება. ამასთანავე, სახელმწიფო მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა დააწინაურა ის ათობით სამხედრო ოფიცერი, რომლებიც ბოლო ბალისტიკური რაკეტის გაშვებაში მონაწილეობდა. 

ჩრდილოეთ კორეის "საბოლოო მიზანია, ფლობდეს მსოფლიოში ყველაზე მძლავრ სტრატეგიულ ძალას". - თქვა კიმმა ბრძანებაში, რომელიც ოფიცრების დაწინაურებას ითვალისწინებს და დამატებით აღნიშნა, რომ ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობების გაძლიერებით ქვეყნის ღირსებასა და სუვერენიტეტს დაიცავს.

ჩრდილოეთ კორეამ 18 ნოემბერს გამოცადა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც იაპონიის ტერიტორიული წყლების მახლობლად, მის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა.

სამხრეთ კორეის სარდლობის თქმით, ჩრდილოეთმა რაკეტა ფხენიანის სუნანის რაიონიდან ისროლა. რაკეტა იაპონიის სანაპიროდან 200 კილომეტრში ჩამოვარდა. იაპონელი მაღალჩინოსნების თქმით, მას ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობა იმისთვის, რომ აშშ-ს ტერიტორიასაც მისწვდომოდა. მარტის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როც ჩრდილოეთ კორეის რაკეტა იაპონიის ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა.

აქამდე, გასულ დღეს ფხენიანმა კიდევ ერთი, შედარებით მცირე ზომის რაკეტა გამოცადა, რაც იყო მათი "უფრო ხისტი სამხედრო პასუხის" გაფრთხილება აშშ-ს მიერ რეგიონში მოქმედებების მიმართ.

ფხენიანის მიერ კონტინენტთაშორისი რაკეტის გამოცდა ბოლო კვირაში მეორედ, წელს კი მერვედ მოხდა.

კომენტარები