წამლის ფასი

ღარიბაშვილი: PSP-ს აფთიაქებს ხალხი შეცდომაში შეჰყავს – ამას რეაგირება მოჰყვება

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, PSP-ს აფთიაქებში წამლებთან დაკავშირებით მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა ხდება, რასაც ღარიბაშვილის თქმით, ამას განმეორების შემთხვევაში ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. 

"რამდენიმე დღის წინ ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე. მინდა, ეს კომპანია პირდაპირ დავასახელო - PSP. თითქოს, PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი. მაგალითად, როცა მომხმარებელი შედის და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს (ვიცი, რომ დავალებაა ასეთი, ეს ინფორმაცია არსებობს და ამას, რა თქმა უნდა, გადამოწმება სჭირდება) გამყიდველი ეუბნება - რომელი გნებავთ, ხარისხიანი ძვირიანი, თუ უხარისხო თურქული? ამას რა ჰქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. ეს პირდაპირ არის მტრობა. როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთი უმსგავსობა ჩაიდინოს და ჩვენი პენსიონერები და გაჭირვებული ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს. ნებისმიერი პიროვნება, რა მნიშვნელობა აქვს, აფთიაქში ვინ შევა. ამას რეაგირება სჭირდება. მე ამის თაობაზე ბატონ ზურაბ აზარაშვილთან საუბარი მქონდა. მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, თითოეულ ასეთ შემთხვევას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და მიუღებელი. გასაგებია, რომ ეს 200 მილიონი ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ, მათ შორის, ამ ჯგუფის ხელმძღვანელს - ეს მათთვის სასიამოვნო ინფორმაცია არ არის. მაგრამ ჩვენი მთავარი ვალდებულება, მინდა, ყველას  შევახსენო, მათ შორის ოპოზიციას, არის ხალხზე ზრუნვა. ამიტომ, ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. ახლა პარლამენტში გვაქვს შეტანილი ახალი კანონპროექტი, რომელიც დაახლოებით 40 პროცენტით გააიაფებს უკვე გაიაფებულ წამლებს. ჯამში, მოსახლეობა დიდ თანხებს დაზოგავს". - თქვა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის რეფორმაზეც ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში მედიკამენტების შემოსატანად თურქეთის ბაზრის გახსნას ეხებოდა.

"მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის მინისტრი, ბატონი ზურაბ აზარაშვილი მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე აქტიურად მუშაობს. ეს რეფორმა ჩვენ გასულ წელს, იანვარში დავიწყეთ. მაშინ, ჩემი ინიციატივით თურქეთის ბაზარი გაიხსნა. ჩვენ ვთქვით, რომ ხარისხიანი, ჯიემპის სტანდარტების წამლების შემოტანა დაიწყებოდა, რაც წარმატებით განხორციელდა. გახსოვთ, რომ მაშინ ბევრი ადამიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი და ამ რეფორმის წარმატების არ სჯეროდა. მახსოვს, ერთ-ერთი მთავარი, მსხვილი შემომტანი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი ამ პროგრამას ღიად აკრიტიკებდა. მესმის, რომ ეს მათთვის საკმაოდ დიდი დარტყმა იყო. ვინაიდან, შეგახსენებთ, რომ ამ რეფორმის შედეგად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ ლარს დაზოგავს. ქვეყანაში შემოვიდა ხარისხიანი თურქული მედიკამენტები და კონკურენცია გაჩნდა, რამაც წამლები საგრძნობლად გააიაფა. იყო მაგალითები, რომ წამალი ღირდა 200-300 ლარი - ეს მედიკამენტები გაიაფდა და გახდა 30-40-50 ლარი"- განაცხადა პრემიერმა.

2022 წლის 17 იანვრიდან მთავრობის განკარგულებით, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი შესაძლებელი გახდა.

კომენტარები