რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო: ზელენსკის შეცდომა ისაა, რომ მოლაპარაკების კლასიკურ პრინციპებს არღვევს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების წინაპირობების წამოყენებით კიევი "შეცდომას" უშვებს. ლუკაშენკოს მტკიცებით, ასეთი წინაპირობები მოლაპარაკებების დაწყების საშუალებას არ იძლევა

"უკრაინელების, [პრეზიდენტ] ვოლოდიმირ ზელენსკის შეცდომა ის არის, რომ იგი მოლაპარაკების პროცესის კლასიკურ პრინციპებს არღვევს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გიგანტ რუსეთზე ვსაუბრობთ, რომელთანაც წინასწარ პირობების წამოყენება არ შეიძლება". - თქვა ლუკაშენკომ რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში.

ლუკაშენკოს განმარტებით, მოლაპარაკებების მეორე მნიშვნელოვანი პრინციპი კომპრომისებზე წასვლის აუცილებლობაა. 

"დაჯექი მოლაპარაკებების მაგიდასთან და იქ წამოაყენე ყველა პირობა. მეორე პრინციპი კი კლასიკურია - კომპრომისები". - დასძინა ლუკაშენკომ.

მანამდე, 4 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირა ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებზე ოფიციალურად უარს ამბობს. ეს იყო პასუხი რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც 3 ოქტომბერს მოახდინა უკრაინის 4 ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან შეერთების ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია. აქამდე, 30 სექტემბერს "შეთანხმებებს" ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა.

კომენტარები