რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი აღიარებს, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტია, ბენზინგასამართ სადგურებთან კი – რიგები

ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინმა 28 ივნისს აღიარა, რომ რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები და სხვადასხვა ტიპის საწვავის დეფიციტია, იმ ფონზე, როცა უკრაინული იერიშების გამო რუსულ ენერგორესურსებზე ზეწოლა იზრდება.

"სამწუხაროდ, ბენზინგასამართ სადგურებთან კვლავ რიგებია და სწორი მარკის ბენზინი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის და, ცხადია, ჩვენ გვესმის გამოწვევები, რომლებთანაც გამკლავება სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებსა და ფერმებს უწევთ." – განაცხადა მან ენერგოინდუსტრიის ლიდერებთან შეხვედრაზე და დაამატა, რომ კრემლმა საწვავის რეზერვების გამოყენება დაიწყო, რის შედეგადაც წინა წელთან შედარებით მარაგები 4%-ით შემცირდა.

მოგვიანებით მან კრემლის პროპაგანდისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის მხრიდან კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე იერიშები პრობლემებს ქმნის, თუმცა, მისი თქმით, ამის შედეგად გამოწვეული დეფიციტი "კრიტიკული არ არის".

"რაც შეეხება დარტყმებს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, რა თქმა უნდა, ამ ობიექტებზე დარტყმები პრობლემებს ქმნის, ეს ცხადია. ახლა ვხედავთ [საწვავზე] გარკვეულ დეფიციტს, თუმცა, ეს კრიტიკული არ არის... რამდენიმე საკითხისთვის გვაქვს მისახედი. პირველი ამოცანაა, რომ სწრაფად და მნიშვნელოვნად გაიზარდოს ყველაზე მოთხოვნადი საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოება." – განმარტა მან.

"ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით თავდასხმების მოგერიების მხრივ ყველა დონესა და სტრუქტურაზე კოორდინაცია იყოს. აქ მთავარი ამოცანა ხალხის დაცვა და ეკონომიკისადმი ზიანის მინიმიზაციაა." – ამბობს პუტინი.

თუმცა, მისივე მტკიცებით, "ყველა დაზიანებული ობიექტის შეკეთება საკმაოდ სწრაფად ხდება და გაჩენილი პრობლემები არ არის კრიტიკული." 

"ყველაფერი სტაბილურად და უსაფრთხოების დიდი ზღვრის ფარგლებში მუშაობს." – ირწმუნება ის.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ოკუპირებულ ყირიმში "რამდენიმე დღის" საწვავის რეზერვი დარჩა: "[ყირიმში საწვავის] საჭიროებები დაკმაყოფილდება. ჩვენ ასევე გავზრდით მომარაგებას როგორც ხმელეთიდან, ისე – ზღვით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი მოგვარდება." – თქვა მან.

კომენტარები