ჩრდილოეთის ნაკადი

შვედეთის ცნობით, Nord Stream-ის დაზიანებულ მონაკვეთებზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს

შვედეთის პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენების დაზიანებულ მონაკვეთებზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს, რაც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა დივერსიას.

"ჩატარებული ანალიზი ასაფეთქებელი ნივთიერების კვალს აჩვენებს რამდენიმე ობიექტზე. გამოძიება უკიდურესად კომპლექსური და ყოვლისმომცველია. მიმდინარე გამოძიება განსაზღვრავს, შესაძლებელია თუ არა ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება". - წერია შვედეთის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსედენების ოთხ მონაკვეთის დაზიანების შესახებ ცნობები სექტემბრის ბოლოს გავრცელდა. დაზიანებების მიზეზებს შვედეთისა და დანიის პროკურატურები იძიებენ.

როგორც დანიის პროკურატურა გასულ თვეში აცხადებდა, წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ გაზსადენების დაზიანება და გაზის გაჟონვა ძლიერი აფეთქებით იყო გამოწვეული.

ზემოხსენებული გაზსადენები ბალტიის ზღვის გავლით რუსეთსა და გერმანიას აკავშირებენ.


27 სექტემბერს ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა. გაჟონვა შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ ზონაში, კუნძულ ბიორნჰოლმის მიმდებარედ, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებზე მოხდა.

დასავლეთი თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს. კერძოდ, შვედეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მეტად სავარაუდოა, რომ მილსადენებზე თავდასხმა სახელმწიფო აქტორის მიერ განზრახ განხორციელდა. 

ასევე, დასავლეთის დაზვერვის წარმომადგენლების მიხედვით, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებთან, სადაც გაჟონვა მოხდა, რუსული საზღვაო ფლოტის გემები შენიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

კომენტარები