რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: ფრონტის ხაზი ლუგანსკის ოლქის დიდ ოკუპირებულ ქალაქებს უახლოვდება

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგი გაიდაი აცხადებს, რომ ოლქის ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინელი დამცველები თანდათან უახლოვდებიან რეგიონის დიდ ქალაქებს, კერძოდ, რუბიჟნესა და კრემენნაიას.

ამის  შესახებ გაიდაიმ Telegram-სა და ეროვნული მარათონის ეთერში ისაუბრა. 

"ახლა საკმაოდ სასტიკი და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკის რეგიონში. ადგილობრივ მოსახლეობას უკვე ესმის საკმაოდ ხმამაღალი ბრძოლები დიდ ქალაქებთან - რუბიჟნეში, ასევე კრემენნაიაში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ფრონტის ხაზი თანდათან მიიწევს ჩვენი დიდი ქალაქებისკენ".- ამბობს გაიდაი. 

მანვე დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ვერ ახერხებენ ძალიან სწრაფად წინსვლას ლუგანსკის რეგიონში, რადგან მტერი იქ მცირედით მომზადებული დახვდა - "მათ შექმნეს თავდაცვითი სტრუქტურები, მოახერხეს რეზერვების მოყვანა".

გაიდაის თქმით, რეგიონში ბევრი დამპყრობელია და მიუხედავად იმისა, რომ გამოუცდელი ჯარისკაცები არიან, ისინი მაინც სახიფათონი არიან. მისივე თქმით, უკრაინის არმიის წინსვლას დანაღმული ტერიტორიაც ანელებს. 

გაიდაი ამბობს, რომ ლუგანსკის მიწა სავსეა რუსების გვამებით - დამპყრობლები მიცვალებულთა ცხედრებს არ იღებენ, მეტიც, ხანდახან დაჭრილებსაც ტოვებენ. 


უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას აგრძელებს. 9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის შეთავაზების შემდეგ, ქალაქი ხერსონიდან და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გამოყვანის ბრძანება გასცა

11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა დაასრულეს. ამავე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ ხერსონში შევიდნენ და ოლქში გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლი აღადგინეს.

14 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა. 

 

კომენტარები