რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გლუკსმანი იმ მემარცხენეებს მიმართავს, რომლებიც უკრაინის დახმარებას ეწინააღმდეგებიან

ევროპარლამენტარი, სოციალ-დემოკრატების ფრაქციის წევრი, რაფაელ გლუკსმანი გამოეხმაურა საფრანგეთის მემარცხენეთა პარტიის, La France Insoumise-ს დეპუტატის, ჟერომ ლეგავრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პარიზის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ომის გახანგრძლივებასა და ესკალაციას ემსახურება.

"დღეს, როდესაც საფრანგეთი, NATO-ს წევრი სახელმწიფო უკრაინას იარაღს აწვდის, ამით ის ომის ესკალაციას ისე უწყობს ხელს, როგორც არასდროს: ძირს ომი!". - წერს ლეგავრი Twitter-ზე.

ლეგავრის კომენტარს რაფაელ გლუკსმანი Twitter-ზე რამდენიმე საათში გამოეხმაურა.

"ძირს ომი" გამოდის, რომ დამპყრობელს გამარჯვების საშუალება უნდა მივცეთ?

მემარცხენეობის ამ ნაწილის ფსევდო პაციფიზმი, რომელიც უარს ამბობს უკრაინელთა წინააღმდეგობის მოძრაობის დახმარებაზე, სინამდვილეში ძლიერთა კანონისა და ჩაგვრისთვის გამოცხადებული თანხმობაა.

უკრაინელი მებრძოლებისთვის იარაღის მიწოდების გარეშე, ჩვენ არ გვექნება მშვიდობა. ეს იმ ხალხის ხოცვას, ჩაგვრასა და განადგურებას ნიშნავს, რომლის ერთადერთი "დანაშაულიც" თავისუფლად ცხოვრების სურვილია.

როგორ შეუძლიათ მათ, ვინც საკუთარ თავს ჰუმანისტებს უწოდებენ, ამას დაეთანხმონ?

საფრანგეთი არა მხოლოდ მართალია უკრაინას იარაღს რომ აწვდის, არამედ კიდევ უფრო მეტი უნდა მიაწოდოს. 

იმიტომ, რომ ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც უკვე 260 დღეა ასე გაბედულად ეწინააღმდეგება დამპყრობელს. და კიდევ იმიტომ, რომ ეს ჩვენს ინტერესებშია.

რუსეთის უკრაინაში გამარჯვება მთელ ევროპას დაუცველობაში ჩაძირავს. 

პუტინის რეჟიმმა დასავლური დემოკრატიები მტრებად წლების წინ გამოაცხადა და უკრაინაში მისი დამარცხება ჩვენვე დაგვიცავს.

ასეც რომ არ იყოს, მემარცხენეების ისტორიაც ანტიფაშიზმია, არა?

ესპანელი რესპუბლიკელების, ან მუსოლინის მიერ დაპყრობილი ეთიოპიელებისთვის იარაღის მიწოდებაზე უარის თქმამ, ლოზუნგმა "ძირს ომი!" მშვიდობა კი არ მოიტანა, არამედ უფრო დამანგრეველი ომი და, კატასტროფა.

უკრაინის ომი ჩვენი კონტინენტის მომავალს განსაზღვრავს და უკრაინის წინააღმდეგობის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამაზე შეთანხმების გარეშე ვერაფერს შევძლებთ. 

"ძირს ომი" კარგი სლოგანია, მაგრამ "ფაშიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა" - ფუნდამენტური". - წერს გლუკსმანი Twitter-ზე.

კომენტარები