აშშ-ს არჩევნები 2022

ტრამპის მარცხი: როგორ შეცვლის შუალედური არჩევნები საპრეზიდენტოს?

აშშ-ს არჩევნები 2022

ტრამპის მარცხი: როგორ შეცვლის შუალედური არჩევნები საპრეზიდენტოს?

მართალია, ამერიკელი ამომრჩეველი დონალდ ტრამპს 8 ნოემბრის საარჩევნო ბიულეტენზე ვერ იპოვიდა, თუმცა შუალედური არჩევნები - იქნება ეს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის, მით უფრო გუბერნატორების, ტესტი იყო ტრამპისთვის იმის შესაფასებლად, თუ რა შანსები აქვს 2024 წელს დასაბრუნებლად. 

ბოლო ორი წელია, ყოფილი პრეზიდენტი აქტიურად იბრძოდა საკუთარი მოკავშირეების წარმატებისთვის, რათა დაემტკიცებინა, რომ რესპუბლიკური პარტია მას მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერეს. 

ტრამპის კანდიდატების დიდმა ნაწილმა მარცხი განიცადა, ხოლო 2024 წლის არჩევნებისთვის მისმა პოტენციურმა კონკურენტებმა - ფლორიდასა და ჯორჯიაში გუბერნატორობის კანდიდატებმა გამარჯვება დიდი უპირატესობით მოიპოვეს, რაც ცხადი გზავნილია ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომ პარტია ერთ მდინარეში ორჯერ შესვლას არ გეგმავს.

ტრამპი, როგორც რესპუბლიკელების დიდი ნაწილი, "წითელ ტალღას" ელოდა, რაც საბოლოოდ პარტიისთვის კონგრესის სრული კონტროლით დასრულდებოდა. სინამდვილეში კი, უკანასკნელი მონაცემებით, რესპუბლიკელებმა მოიპოვეს კონტროლი წარმომადგენელთა პალატაზე, თუმცა მოსალოდნელზე ბევრად მცირე უპირატესობით. სენატი კი, სადაც ტრამპი ყველაზე დიდ პოლიტიკურ კაპიტალს დებდა, შესაძლოა, ისევ დემოკრატების ხელში დარჩეს - ეს ყველაფერი კი ტრამპის კანდიდატების მარცხის გამო. 

  • სენატის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში - პენსილვანიაში ტრამპის კანდიდატი მეჰმედ ოზი დემოკრატ ვიცეგუბერნატორთან, ჯონ ფეტერმანთან დამარცხდა
  • მიჩიგანში ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა რესპუბლიკელმა, ტუდორ დიქსონმა საგუბერნატორო არჩევნები წააგო. იმავე ბედს გაიზიარებს შტატის მდივნობისთვის მებრძოლი, 2020 წლის არჩევნების შედეგების უარმყოფელი კრისტინა კარამო.
  • არიზონაში გუბერნატორობის კანდიდატი ახალი ამბების ყოფილი წამყვანი, კარი ლეიკი - ტრამპის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, დემოკრატ გუბერნატორთან, კეტი ჰობსთან მარცხდება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ჯერ ხმების 70%-ია დათვლილი - კანდიდატებს შორის პროცენტული განსხვავება ისეთი მცირეა, საბოლოო შედეგზე საუბარი ჯერ ადრეა. ამავე შტატში ტრამპის მიერ მხარდაჭერილი ბლეიკ მასტერსი სენატორ მარკ კელის ჩამორჩება. გასათვალისწინებელია, რომ განსხვავება აქაც მცირეა. 
  • ჯორჯიაში ჰერშელ უოლკერი დეკემბრისთვის მეორე ტურში იბრძოლებს - 2020 წლის არჩევნების მსგავსად, სწორედ აქ შეიძლება გადაწყდეს საბოლოოდ, ვინ აკონტროლებს სენატს. 
  • ნევადას შედეგებიც ჯერ გაურკვეველია - კანდიდატთა პროცენტული მაჩვენებელი ძალიან ახლოსაა და, ოფიციალური პირების ცნობით, საბოლოო შედეგები შეიძლება რამდენიმე დღე უცნობად დარჩეს.
ტრამპის სენატორებიდან გამარჯვება მოიპოვა ოჰაიოში სენატის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჯ.დ. ვენსმა. დამარცხდა - მაჰმედ ოზი (პენსილვანია), ბლეიკ მასტერი (არიზონა). დიდი ალბათობით მეორე ტურში იბრძოლებს ჰერშელ ვოლკერი

"რესპუბლიკელები თანდათან აცნობიერებენ, რომ ის [ტრამპი] პარტიისთვის უარყოფითი შედეგის მომტანია". - ამბობს რესპუბლიკელი სტატეგი, ლიამ დონოვანი. 

ტრამპი მისსავე სოციალურ პლატფორმა TruthSocial-ზე "წითელი ტალღის" ჩაშლის გამართლებას ეცადა და ბრალი იმ კანდიდატებს აჰკიდა, რომლებიც საკმარისად არ ეთანხმებოდნენ მის უსაფუძვლო ბრალდებებს 2020 წლის არჩევნებში გაყალბებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ყოფილმა პრეზიდენმა გამოხატა სიხარული, რომ  კოლორადოს რესპუბლიკელმა კანდიდატმა, ჯო ო'დიმ გამარჯვება ვერ მოიპოვა, რადგან იგი უარყოფდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას. 

სხვა კანდიდატებიც, განსაკუთრებით კი ვისკონსინისა და არიზონას გუბერნატორობის კანდიდატები - ტიმ მიკელსი და კარი ლეიკი მხარს უჭერდნენ ტრამპის მტკიცებას, რომ ბოლო არჩევნები გაყალბდა. მიკელსი უკვე ოფიციალურად დამარცხდა, კარი ლეიკმა კი იმაზე უარესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ანალიტიკოსები ელოდნენ.

უნდა ითქვას, რომ ტრამპის კანდიდატებმა რიგ შტატებში წარმატება მოიპოვეს: ოჰაიოში სენატის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჯ.დ. ვენსმა დემოკრატიული დეპუტატი ტიმ რაიანი დაამარცხა და მოიგო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული არჩევნები, ჩრდილოეთ კაროლინაშიც წარმატება მოიპოვა ტედ ბადმა, ტრადიციულად, წითელ ალაბამასაც სენატში ქეითი ბრიტი წარმოადგენს

თუმცა, რესპუბლიკელებმა ამ არჩევნებში ყველაზე დიდი გამარჯვება არათუ ტრამპის კანდიდატით, არამედ, პირიქით, მისი მთავარი კონკურენტით - რონ დესანტისით მოიპოვეს. ფლორიდის გუბერნატორმა და, დიდი ალბათბით, 2024 წლის არჩევნებში ტრამპის კონკურენტმა, თითქმის 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა

ბოლო დებატების დროს დესანტისმა უარი თქვა, ეპასუხა კითხვაზე - გამარჯვების შემთხვევაში აპირებს თუ არა სრული ვადით, 4 წლით იმსახუროს, როგორც გუბერნატორი. გასულ ღამეს, 9 ნოემბერს კი სიტყვით გამოსვლისას მხარდამჭერები სკანდირებდნენ - “კიდევ ორი წელი”, - ნიშნად იმისა, რომ მეორე ვადით არჩეული ფლორიდის გუბერნატორს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიხილავთ.

ტრამპის გუბერნატორობის სამივე კანდიდატი - დაგ მასტრიანო (პენსილვანია), კერი ლეიკი (არიზონა), ლი ზელდინი (ნიუ იორკი)

CNN-ისა და სხვა გამოცემის გამოკითხვებით, ფლორიდის ამომრჩეველი პრეზიდენტობის კანდიდატად ტრამპზე მეტად (33%) დესანტისს (45%) ისურვებდა

"ტრამპის კანდიდატების წარუმატებლობა მარცხია, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის ყველაზე დიდი პრობლემა მაინც დესანტისის უზარმაზარი გამარჯვებაა. ტრამპს პარტიაში პირველად ჰყავს ძლიერი მეტოქე". - აღნიშნავს რესპუბლიკელთა მრჩეველი, ალექს კონანტი. 

ბოლო თვეების განმავლობაში მზარდი საფრთხის პასუხად ტრამპი ცდილობდა, დაემცირებინა დესანტისი: პენსილვანიაში გამართულ შეკრებაზე  მას DeSanctimonious წოდა, რაც ორ მომდევნო მხარდაჭერთა შეხვედრაზე გაიმეორა. ჟურნალისტებს კი ოჰაიოდან ფლორიდაში გამგზავრებისას განუცხადა, რომ 44 წლის დესანტისს მასთან შებრძოლებას არ ურჩევდა

"არამგონია, რომ მისი დამრცხება გამიჭირდეს. თუ ის კენჭს იყრის, მასზე ისეთებს გეტყვით, რაც თავად არ მოეწონება. მასზე იმაზე მეტი რამ ვიცი, ვიდრე ვინმე სხვამ, შესაძლოა, მისმა ცოლმა იცოდეს, რომელიც კამპანიას მართავს". - აღნიშნა ტრამპმა.

რამდენიმე დღის წინ ტრამპმა თქვა, რომ 15 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას დააყენებდა. იგი უკანასკნელი კვირების განმავლობაში შუალედურ არჩევნებში საკუთარი პარტიის მთავარ ფიგურად საკუთარ თავს სახავდა. არჩევნების მიმდინარეობისას, 8 ნოემბერს, ტრამპს მხარდამჭერებისთვის არ მიუმართავს. 

მხოლოდ მეორე დღეს აღნიშნა, რომ მზად იყო რესპუბლიკელების გამარჯვება საკუთარად გამოეცხადებინა, თუმცა, თუ პარტიისთვის შედეგები სახარბიელო არ იქნებოდა, წარუმატებლობაში საკუთარ ბრალეულობას ვერ ხედავდა.

"ვფიქრობ, თუ ისინი გაიმარჯვებენ, უნდა მივიღო მთელი დამსახურება და თუ ისინი წააგებენ, საერთოდ არ ვარ დამნაშავე". - აღნიშნა ტრამპმა. 

ჯერ უცნობია, როგორ მოარგებს ტრამპი ამ წარუმატებლობას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ნარატივს. ყოფილმა პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა 300-მდე კანდიდატს, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ კანდიდატთა შედეგები, რომლებიც ტრამპის პოლიტიკურ დღისწერიგს მხარს უჭერდნენ. ამ უკანასკნელთა დიდმა ნაწილმა კი მარცხი განიცადა. 

კომენტარები