ჰარვარდის CAPS/Harris-ის გამოკითხვის მიხედვით, რომელიც The Hill-მა გამოაქვეყნა, ამომრჩეველთა 20%-მა 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ყველაზე მეტად დამარცხებულად დონალდ ტრამპი დაასახელა.
ყოფილ პრეზიდენტს 14%-ით MAGA (Make America Great Again - კვლავ გავხადოთ ამერიკა შესანიშნავი) რესპუბლიკელები მოსდევს. 12% დამარცხებულად რესპუბლიკური პარტიის ტრადიციულ ნაწილს მიიჩნევს, 15%-ის აზრით კი შუალედურ არჩევნებში წარუმატებლობა დემოკრატებმა განიცადეს.
თუმცა ყველაზე დიდმა პროცენტულმა წილმა, 23%-მა, კითხვაზე - არ ვიცი უპასუხა.
შედეგები მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ტრამპის რამდენიმე კანდიდატმა ამ თვის დასაწყისში წარუმატებლობა განიცადა, რამაც გაზარდა განცდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი პარტიაში გავლენას კარგავდა.
ტრამპი კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს რესპუბლიკურ პარტიაში. ამავე ორგანიზაციის უახლეს გამოკითხვაში ყოფილი პრეზიდენტი კვლავ ლიდერობდა - პარტიის წევრების 46% მზად იყო, მისთვის მიეცა ხმა, თუ საპრეზიდენტო პრაიმერი დღეს გაიმართებოდა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ტრამპის მაჩვენებელი 9 ერთეულითაა გაუარესებული, მაშინ როცა რონ დესანტისის მაჩვენებელი 11-ითაა გაზრდილი და უკვე 28%-ს აღწევს.
მოსალოდნელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკურ პარტიაში მთავარი კონკურენტები დესანტისი და ტრამპი იქნება.
ამასთანავე, ჰარვარდის CAPS/Harris-ის უახლესმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრამპი პრეზიდენტ ბაიდენს, 44 პროცენტი 42 პროცენტის წინააღმდეგ, უგებს.
8 ნოემბერს გამართულ შუალედურ არჩევნებში კამალა ჰარისის დამატებითი ხმის გათვალისწინებით, სენატში უმრავლესობა დემოკრატებმა შეინარჩუნეს. წარმომადგენელთა პალატაში კი რესპუბლიკელებმა უმრავლესობისთვის საჭირო 218 ადგილი მოიპოვეს.
შტატ ჯორჯიაში სენატორის არჩევნების მეორე ტური 6 დეკემბერსაა ჩანიშნული. თუ სენატორი რაფაელ ვარნოკი რესპუბლიკელ ჰერშელ ვოლკერს დაამარცხებს, სენატში დემოკრატების რაოდენობა 51-მდე გაიზრდება, 49-ის პირისპირ.