რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ინდონეზიაში, ბალიზე, დიდი ოცეულის შეხვედრაზე არ ჩავა და რუსეთის წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს გაგზავნის.
ინფორმაცია რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა გაავრცელა.
ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ გასულ დღეს თქვა, რომ პუტინი, შესაძლოა, G20-ის სამიტს დისტანციურად, ონლაინ დასწრებოდა.
აქამდე, აგვისტოში ვიდოდო ამბობდა, რომ პუტინმა უთხრა, რომ G20-ის სამიტს დაესწრებოდა. პუტინი ინდონეზიის პრეზიდენტის მხრიდან სამიტზე მიწვევას ამ წლის აპრილში დათანხმდა.
პუტინის გარდა, დიდი ოცეულის სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც 3 ნოემბერს ამბობდა, რომ თუ შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტის დაესწრებოდა, თავად მონაწილეობაზე უარს იტყოდა. ზელენსკი შეხვედრის მონაწილეებს, სავარაუდოდ, ონლაინ მიმართავს.
კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ითხოვდა, რომ G20-ის სამიტზე მოწვეული ქვეყნებიდან რუსეთი გამოეკლოთ.